ახალი, საინტერესო გარემო, სწავლის მაღალი ხარისხი და წარმატებული მომავლის პერსპექტივა... - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში სასწავლებლად მიემგზავრებიან.
საზღვარგარეთ სწავლზე ბევრი სტუდენტი ოცნებობს. დღეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტები აპლიკანტებს არაერთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობენ. თუმცა იმისათვის, რომ სტუდენტმა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ შეძლოს, ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ყველა იმ დეტალზე, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა უნდა იცოდეს, AMBEBI.GE თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თეა გერგედავას ესაუბრა.
- რომელი გაცვლითი პროგრამით სარგებლობა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს?
- ჩვენს სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას ვთავაზობთ. მათ შორის ერასმუსი, ევროკავშირისა თუ ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტები, სანდიეგოს უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად აქ არსებული კამპუსის გაცვლითი პროგრამები, ჩვენი ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში ორგანიზებული გაცვლითი პროგრამები და სხვა. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავია.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის?
- პირველ რიგში აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება. მან ასევე უნდა იცოდეს შესაბამისი უცხო ენა მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნილ დონეზე, ეს ხშირ შემთხვევაში შეესაბამება ევროპული კონვენციის B2 დონეს. უნდა იყოს მოტივირებული და შეძლოს, გასაუბრებაზე მოსულმა კომისია საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი. ხოლო, იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც არცერთი საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი არ აქვთ (იგულისხმება "ტოეფელის" ან სხვა სერთიფიკატები). ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე, ენების ცენტრთან და საგამოცდო ცენტრთან თანამშრომლობით, ვატარებთ ენის ცოდნის დამადასტურებელ ინსტიტუციონალურ ტესტს. ჩვენს სტუდენტებს, ამ ტესტის შედეგების გამოყენებით, შეუძლიათ ჩვენ მიერ ორგანიზებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა მიიღონ.
- რომელი საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ გაცლით პროგრამებში მონაწილეობა?
- გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს. გაცვლითი პროგრამები ან სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია. არ გვაქვს ისეთი პროგრამა, რომელსაც რაიმე დაფინანსება არ მოჰყვება.
- როგორია სტუდენტთა აქტივობა და ყველაზე პოპულარული გაცვლითი პროგრამა?
- მომართვიანობა საკმაოდ დიდია. წელიწადში ენის ტესტებს 2 ათასამდე ადამიანი წერს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მივცეთ შანსი. რაც შეეხება პოპულარულ გაცვლით პროგრამებს, ყველა საკმაოდ მოთხოვნადია. გააჩნია სტუდენტის ინტერესს, მიმართულებას და მის მიერ კონკრეტული უცხო ენის ფლობას.
- როდესაც სტუდენტს სასწავლო ვიზის გაკეთება სჭირდება, უნივერსიტეტი ამაში ეხმარება?
- ჩვენი მხრიდან ხელის შეწყობა ნამდვილად ხდება. მას შემდეგ, რაც სტუდენტები შეირჩევიან გასამგზავრებლად, ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ვუმზადებთ მათ სავიზო შუამდგომლობას, რომელსაც ხელს აწერს ან ლექტორი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ჩვენს სტუდენტს ვიზის აღებასთან დაკავშირებით პრობლემა შექმნიათ.
ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE