ფლორენციაში ყოფნისას უცნაური რამ დამემართა - დამეწყო თავბრუს ხვევა, გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, თუ არ ჩამოვჯდებოდი, გული წამივიდოდა. პირდაპირ მოკირწყლულ ქუჩაზე ჩამოვჯექი და ყვირილი მოვრთე: "მიქელანჯელო, ვერ გიტან! ვერ ვიტან ამ ქალაქს, ასეთი დიადი რომ არის!". ბედზე, შუაღამე იყო და ამ ამბის მომსწრენი მხოლოდ ჩემი მეგობრები იყვნენ. მათ კი ეცინებოდათ, მაგრამ მე კიდევ დიდხანს ვერ მოვდიოდი გონს. ცოტა ხანში შევიტყვე, რომ ეს თურმე სტენდალის სინდრომი ყოფილა. სწორედ ამ და სხვა საინტერესო და უცნაურ სინდრომებზე გიამბობთ დღეს.
სტენდალის სინდრომი
ძალიან სახალისო სინდრომია, თუმცა ამ სინდრომით შეპყრობილებს სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ საქმე (გამოცდილია საკუთარ თავზე). სტენდალის სინდრომი გამოიხატება თავბრუს ხვევით, გულის წასვლით, გულის აჩქარებით და ხანდახან ჰალუცინაციებითაც კი. მიზეზი: გარშემო ხელოვნების უამრავი ნიმუში და ულამაზესი ბუნება!
სინდრომის სახელწოდება სტენდალის წიგნიდან "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში" მომდინარეობს, სადაც მწერალი ფლორენციაში ვიზიტის საკუთარ განცდებს აღწერს: " როდესაც სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრიდან გამოვედი, გული ამიჩქარდა, მომეჩვენა, თითქოს სიცოცხლის წყარო დამეშრიტა, მოვდიოდი და მეშინოდა, გული არ წამსვლოდა... ვხედავდი ხელოვნების შედევრებს, რის მერეც ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაფერი დაპატარავდა, შეზღუდული გახდა, ისევე, როგორც ვნებათა ქარი წყვეტს იალქნის რხევას, რომელიც ადამიანის სულს ამოძრავებს".
ამგვარი შეტევები უამრავ ტურისტს აღენიშნება, ვინც ფლორენციის უფიცის გალერეას (იხილეთ ფოტო ზემოთ) სტუმრობს. სინდრომი 1979 წელს იტალიელმა ფსიქიატრმა გრაციელა მაგერინიმ განსაზღვრა, რომელმაც ფლორენციის ტურისტებს შორის 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა შეისწავლა. დიაგნოზი პირველად 1982 წელს დასვეს.
პარიზის სინდრომი
ფაქიზი ნერვული სისტემის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც განსაზღვრულ ადგილას ვლინდება და ყველაზე მეტად ის მშვიდ და თავაზიან იაპონელ ტურისტებში შეინიშნება. ისინი ჩამოდიან საოცნებო ქვეყანაში, რომელიც მათ წარმოსახვაში რომანტიზმით, ქუჩის ლამაზი კაფეებითაა მოცული, სინამდვილეში კი ხვდებათ საკმაოდ აგრესიული ქალაქი, სადაც უამრავი მიგრანტია, არავინ დიდად არ ცდილობს გასიამოვნოს, ამასთან, ქუჩებში ქურდობა ყვავის. ამის ნიადაგზე, წელიწადში 20-მდე იაპონელს ფსიქიკური აშლილობა ეწყება: დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, თვალთვალის მანია, შფოთვა და სხვა. ამ შემთხვევაში, პარიზული სინდრომისგან განკურნების საუკეთესო საშუალება - უიღბლო ტურისტის სამშობლოში გამგზავრებაა.
მიუნჰაუზენის სინდრომი
გარკვეულწილად იპოქონდრია, როდესაც ყველაფერი გტკივა და ვერაფრით შველი, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ეს გახლავთ აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი აზვიადებს, ხელოვნურად იქმნის დაავადების სიმპტომებს, რათა სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო. მიუნჰაუზენის სინდრომის მიზეზი ხშირად აიხსნება იმით, რომ თავის მოკატუნება ადამიანებს საშუალებას აძლევს, მიიქციოს ყურადღება, მიიღოს მზრუნველობა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
მაგრამ ეს არაფერია, "მიუნჰაუზენის დელეგირებულ სინდრომთან" შედარებით, როდესაც დედები მიიჩნევენ, რომ მათი შვილები მძიმედ არიან ავად და ხელოვნურადაც ქმნიან ამა თუ იმ სერიოზული სიმპტომების გამოვლენის პირობებს (ცოტა ხნის წინ მსგავსი შემთხვევა იაშვილის კლინიკაშიც დაფიქსირდა)
ადელის სინდრომი
ასე ეწოდება ხანგრძლივი, ავადმყოფური სიყვარულისა და ვნების გამოვლინებას, რომელიც უპასუხოდ რჩება. სინდრომის სახელწოდება რეალური ისტორიიდან მოდის, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილს, ადელს გადახდა თავს. ადელიმ ინგლისელი ოფიცერი, ალბერტ პინსონი გაიცნო და უმალვე გადაწყვიტა, რომ ის მისი ცხოვრების მამაკაცია. ზუსტად ცნობილი არ არის, იყო თუ არა პინსონი უგულო მექალთანე, რომელმაც უმანკო გოგონა მოატყუა, თუ ეროტომანიის მსხვერპლი, თუმცა მამაკაცმა ადელის გრძობებს არ უპასუხა - ვერ უშველა ვერც გოგონას იშვიათმა სილამაზემ, ვერც გამოჩენილი მამის სახელმა. ადელი ალბერტს მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში დასდევდა, ყველას ატყუებდა, რომ ისინი უკვე დაქორწინდნენ, საბოლოოდ კი ჭკუიდან შეიშალა.
დორიან გრეის სინდრომი
ეს სინდრომი ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვისაც კულტის დონეზე ჰყავს აყვანილი და ძალ-ღონეს არ იშურებს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ვლინდება ახალგაზრდული ატრიბუტიკის გაუმართლებლად გამოყენებაში, ასაკისთვის შეუფერებელი ჩაცმულობის სტილის შერჩევაში, პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტიკური საშუალებების არაადეკვატურ გამოყენებაში. ხანდახან ეს აშლილობა დეპრესიითა და თვითმკვლელობის მცდელობით სრულდება.
ჩინური რესტორნის სინდრომი
სიფრთხილე გამოიჩინეთ ჩინურ სამზარეულოსთან. ეს სინდრომი 1968 წელს განისაზღვრა, როდესაც ერთ-ერთმა ჩინელმა სამედიცინო ჟურნალში აღწერა, თუ რა ხდება მის თავს აშშ-ში ჩინურ რესტორნებში სტუმრობის შემდეგ: "სინდრომი პირველი კერძის დაგემოვნების შემდეგ 15-20 წუთში ვლინდება და 2 საათი გრძელდება - თავდაპირველად კისერი გიშეშდება, შემდეგ ზურგზე და ხელებზე გადადის, სისუსტეს გრძნობ და გული გიჩქარდება". მიიჩნევდნენ, რომ ეს ნატრიუმის გლუტამატს უკავშირდებოდა, მაგრამ კვლევებმა ეს ჰიპოთეზა არ დაამტკიცა. ჩინური რესტორნის სინდრომი დღემდე გამოცანად რჩება.
დიოგენეს სინდრომი
დიოგენემ სახელი გაითქვა იმით, რომ კასრში გადაწყვიტა ცხოვრება, იყო სოციოპათი და მიზანთროპი. მის პატივსაცემად წოდებული სინდრომი ვლინდება საკუთარი თავისადმი გაუფრთხილებელ მოპყრობაში, თვითიზოლაციაში, აპათიასა და სირცხვილის გრძნობის არქონაში.
კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი
ფსიქიატრიის სფეროს კიდევ ერთი სინდრომი სერიიდან: "მე პატარა მწვანე კაცუნები მმართავენ" და "ფეხები სადღაც თავისით დადიან ჩემი ნებართვის გარეშე".
სტოკჰოლმის სინდრომი
ჰოლივუდური ფილმებიდან ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდება სიტუაციას, როდესაც მძევალი დამპყრობლის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება და დახმარებასაც კი უწევს. ფსიქოლოგები ამ მოვლენას "დამცავ და ქვეცნობიერ ტრავმატულ კავშირს" უწოდებენ. მაგრამ ეს არც ფსიქოლოგიური პარადოქსია და არც ფსიქიური აშლილობა, არამედ, ფსიქიკის ნორმალური რეაქცია და მიუხედავად იმისა, რასაც ჰოლივუდი გვიჩვენებს, მძევლად აყვანის შემთხვევისას ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ