2016 წლიდან საავტომობილო ბიზნესს ახალ რეალობასთან მოუწევს შეგუება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან ერთად, ცვლილებები სხვა სეგმენტის მანქანებზეც გავრცელდება. 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, 3-დან 6 წლამდე მანქანები კი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა. ავტოდილერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ავტოპარკის განახლება აუცილებელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცვლილებები როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე იმპორტირებულ ავტომობილებს გააძვირებს.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას საგზაო უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ავტოპარკის განახლება ალტერნატიული გეგმითაც შეეძლო. "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, ცვლილებები მეორადი მანქანების ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ვასილ ურუშაძის თქმით, განბაჟების 500%-იანი ზრდა ავტომობილის თვითღირებულებას გაზრდის 100%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს ყველაზე მოთხოვნადი მანქანები 4-5 ათასი დოლარი ღირს, მათი ფასი 8-9 ათას ამერიკულ დოლარამდე აიწევს. იმპორტიორი კომპანიები, დილერები ფუნქციას დაკარგავენ. მეორად გაძვირებულ ავტომობილებს ევროპული თუ ამერიკული წარმოების ახალი ავტომობილები, მაღალი ფასის გამო კონკურენციას ვერ გაუწევს, მათი კონკურენტი კი შესაძლოა რუსული წარმოების ავტომობილები გახდეს.