თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართულ დისრედიტაციას უწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი არეშიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს და მათი სახელით საუბრობს.
გიორგი არაშეძე ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თითოეულ ლართან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
"გაჟღერებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე, პირადად პასუხისმგებელი ვარ დედაქალაქის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე და საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შემიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნი, რომ ბანაკის ორგანიზებისას სამართლებრივ ნაწილში კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც კი საქმე არ გვქონია. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ბანაკმა ჩაიარა იდეალურად და სწორედ ეს გახდა "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანების მიზეზი, ისინი გამუდმებით ცდილობენ დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდნენ. ასევე მინდა გამოვეხმაურო ბრალდებას, თითქოს მე კონტრაქტი გავაფორმე ჩემს მეგობართან. ეს არის სრული სიცრუე, რადგან ბუნებრივია მყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, ახლო ადამიანი, მეგობარი და საქმიანი კავშირები არასდროს ყოფილა ამ ურთიერთობების ხელისშემშლელი ფაქტორი", - განაცხადა არეშიძემ.
ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებ კანონის მიერ ჩემთვის მონიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. ასევე, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ვაპირებ ვითანამშრომლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან".