სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი, სახელმწიფო ბრუცელოზის ვაქცინაციასაც დააფინანსებს. ზაფხულის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მსხვილფეხა საქონლის აცრა მოხდა. თუმცა bpn-თან საუბარში სხვადასხვა რაიონების მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ცხოველის ვაქცინაციის შესახებ ისინი არ გაუფრთხილებიათ. შესაბამისად, აცრილი ძროხის რძისა და მისგან დამზადებულ ყველს ჩვეულებრივად იძენდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა.
”სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ძროხები აცრეს. ჩვეულებრივად ვყიდულობდი სოფლის რძესა და ყველს. როგორ შეიძლება აცრილი ძროხის რძისა და მისი ნაწარმის მიღება, ბავშვებს ხომ შეილება რაიმე მოსვლოდათ? შესაბამის სამსახურებს ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ, რომ საქონელი აცრეს და ცოტა ხნით რძისა და ყველის ყიდვისგან თავი შეიკავეთო,” - გვითხრა ახალსოფლელმა მანანა სეფაშვილმა.
მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, bpn კომენტარისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. ვეტერინარიის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა ჯამბურ მაღლაკელიძემ საქონლის აცრა დაადასტურა.
ჯამბურ მაღლაკელიძე: სახელმწიფო პროგრამით ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯილეხის, თურქულისა და ცოფის აცრა. წელს დაახლოებით 700 ათასამდე მსხვილფეხა საქონელი აცრეს. შემოდგომაზე კვლავ იგეგმება ჯილეხზე აცრა. ასევე ჯილეხზე ვაქცინაცია ხდება წვრილფეხა პირუტყვზე - ცხვარი, თხა. თურქულზე უკვე აიცრა მსხვილფეხა საქონელი, ვაქცინაციის მეორე ეტაპი შემოდგომაზე დაიწყება. მეზობელ ქვეყნებში ცხვრის ყვავილის დაავადებაა გავრცელებული, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენთან მილიონამდე ცხვარი აცრეს. ამ გზით ქვეყანაში დაავადების გავრცელებისგან თავი დავიზღვიეთ.
- მოსახლეობა ჩივის, რომ საქონლის აცრა ისე მოხდა, არ გაგვაფრთხილესო. თუ შეიძლება გვითხრათი, აცრილი საქონლის რძისა და მისი ნაწარმის გამოყენება საშიშია თუ არა?
- ყველა ვაქცინას დაყოვნების პერიოდი აქვს, დაახლოებით 5-8 დღე. ამ პერიოდში სასურველია რძე მოდუღდეს და მისგან პროდუქტები ისე გაკეთდეს.
- თუმცა, ყველი ადუღებული რძისგან არ კეთდება. შესაბამისად, რისკიც მაღალია...
- მართალია. იგივე ბრუცელოზი მხოლოდ ადუღებულ რძეში კვდება. შესაბამისად, ადამიანის დაავადების რისკიც მაღალია. ამიტომ მნიშვნელოვანია საქონლის აცრა.