სწორი და მოსალოდნელი გადაწყვეტილება, - ასე აფასებენ პოლიტოლოგები მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს და არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო მინისტრთა კაბინეტი იყოს.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ამ უკანასკნელი უწყების უფროსად პრემიერმა შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა, შს მინისტრის პოსტი კი ვაკანტური გახდა. რამდენიმე ალტერნატიული კანდიდატის განხილვის შემდეგ საბოლოო არჩევანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრზე გიორგი მღებრიშვილზე შეჩერდა, მისი ადგილი კი მისივე მოადგილე კახა კახიშვილმა დაიკავა.
რა პრინციპით შეირჩნენ ახალი მინისტრები – ამ კითხვაზე პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მღებრიშვილი და კახიშვილი დაკავებულ თანამდებობებს ყველაზე მეტად შეესაბამებიან და პრინციპიც გამჭვირვალე და მარტივია.
"ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს იმიტომ, რომ მღებრიშვილი არის პოლიციელი, ის პროფესიონალია, სასჯელაღსრულებაში მას სერიოზული შეცდომა არ ჰქონია მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სისტემის მართვა უწევდა. კახი კახიშვილზე საუბარიც ზედმეტია, ის საზოგადოებრივი სექტორიდან არის მოსული და პოზიტიური ქმედებების ფასი მშვენივრად იცის. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ორი მინისტრის დანიშვნა მოხდა, სადაც პირადად მე კითხვები არ მაქვს", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, გიორგი მღებრიშვილსა და კახი კახიშვილს ყველა შანსი აქვთ, რომ მათი მოღვაწეობა წარმატებული იყოს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას, ექსპერტის თქმით, ეს წინასაარჩევნო ციკლთან იქნება დამოკიდებული.
"სამწუხაროდ, ღარიბაშვილი სახელმწიფოებრივ ლიდერად ვერ შედგა და მისი ყოველი ქმედება მხოლოდ ამას ადასტურებს, აქედან გამომდინარე, ის უკვე გამოიყურება როგორც ნომინალური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და ცდილობს გარეგანი ნიშნებით გადაფაროს თავისი ქმედუუნარობა.
"იქნება თუ არა ეს ღარიბაშვილის ბოლო მინისტრთა კაბინეტი, წმინდა ტექნიკური საკითხებია. მისი გადაადგილების გადაწყვეტილება პოლიტიკური პროცესის კვალდაკვალ იქნება მიღებული, ანუ მისი შენარჩუნება, როგორც ნომინალური ფიგურის, პოლიტიკურ პროცესს წინასაარჩევნოდ დააზიანებს თუ გააუმჯობესებს, გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ", - ამბობს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ღარიბაშვილის ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის შენარჩუნება იმაზეა დამოკიდებული, როგორი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და რა სათქმელით მივა ხელისუფლება არჩევნებზე.
"თუ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ექნება მსუყე სათქმელი, რითიც ადვილად აკრეფს მათ ხმებს, ასეთ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელება აუცილებელი არ იქნება, მაგრამ დარჩენილ ერთ წელში თუ მან ვერ შეძლო ეფექტური პიარ-კამპანიის წარმოება, მაშინ მას დასჭირდება მინისტრთა კაბინეტის მასშტაბური გადახალისება", - ამბობს ლაგაზიძე.
პოლიტოლოგის თქმით, კახიშვილისა და მღებრიშვილის მინისტრებად დანიშვნა სწორი ნაბიჯი იყო: "ზოგადად, ეს ხელისუფლება რეიტინგული სახეების მიმართ ძალიან ჩაკეტილი იყო და მათ საკადრო პოლიტიკაში კახიშვილის დანიშვნა ახალი ფურცელია იმიტომ, რომ კახიშვილი თვითმყოფადი ფიგურაა, საზოგადოების სიმპათია და რეიტინგი მან ხელისუფლებაში მოსვლამდე აკრიფა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს კარგი მესიჯი უნდა იყოს.
რაც შეეხება მღებრიშვილს, ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე მან შეძლო "ციხეების დაჭერა". ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნაციონალები ციხეს ძალის გამოყენებით იჭერდნენ, სოზარ სუბარის მინისტრობისას ლიბერალურმა მიდგომებმა ხელისუფლებას ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა, მღებრიშვილმა კი შეძლო ოქროს შუალედის მონახვა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე მისი მოღვაწეობა საკმაოდ წარმატებული იყო", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, გიორგი მღებრიშვილი და კახა კახიშვილი ის კადრები არ არიან, რომლებიც საქმიანობაში კატასტროფულ შეცდომებს დაუშვებენ, ამიტომ მისი თქმით, ისინი იმ დრომდე დაიკავებენ თანამდებობებს, სადამდეც ამ მინისტრთა კაბინეტს ვადა ექნება."რაც შეეხება შერჩევის პრინციპს, ცვლილებების ეს წრე შს მინისტრის პოსტის გათავისუფლებამ დააყენა. ასეთი მარტივი დ ლოგიკური ცვლილებები ძნელი გასახსენებელია. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ნდობით აღჭურვილი პირი დაინიშნა, სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა და ის გადავიდა შს სამინისტროში, მისი მოადგილე კი მინისტრად დაინიშნა, უფრო გამჭვირვალე და მარტივი სქემა ძნელი წარმოსადგენია.
არა მგონია, ეს ღარიბაშვილის ბოლო მინისტრთა კაბინეტი იყოს. წინ საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ანალოგიურმა სიტუაციებმა თავი იჩინოს და ცვლილებები კვლავ განხორციელდეს", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
იქნება თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის ბოლო მინისტრთა კაბინეტი – პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება პირად ურთიერთობაზე და ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნდობის ფაქტორზე.
"ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც დღეს საქართველოშია, სულ ფანტასტიურად ჩატარებული ოლიმპიადაც ვერ გადაფარავს, ვინაიდან ოლიმპიადის საზეიმო განწყობა გაქრება, ხოლო უმუშევრობით გამოწვეული ჩვენი მოსახლეობის ცარიელი ჯიბეები, როგორც ჩანს, კვლავ ძალზე დიდხანს დარჩება", - ამბობს ცინცაძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ახალი მინისტრების მიმართ საზოგადოების არაბუნებრივი ინტერესია. პოლიტოლოგის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში აქცენტი ეკონომიკურ გუნდზე კეთდება, საქართველოში კი ყველას ყურადღება ორი ძალოვანი უწყების ახალმა მინისტრმა მიიქცია.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს იყო ყველაზე დიდი საკადრო ინტრიგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისათვის ნაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ ვინ იქნება განათლების მინისტრი, ეს რომ მნიშვნელოვანი იყოს, ამ ქალბატონს თანამდებობაზე ამდენი ხანი არავინ დატოვებდა. ხელისუფლების შენარჩუნება დამოკიდებულია არა იმდენად მოსახლეობის განწყობაზე, არამედ იმაზე, გყავს თუ არა შენ ერთგული ძალოვანი მინისტრები და ეს არ არის "ქართული ოცნების" ნოუ ჰაუ, ასე იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს. ეს უკვე საქართველოს ტრადიციულ აქილევსის ქუსლად იქცა და შეიძლება ეს ფაქტი ყველაზე ზუსტი ბარომეტრია იმის, თუ რამდენად ვართ მზად ევროპისთვის.
საერთოდ კი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, არცერთ პოსტს არ აქვს ის ხიბლი, როგორიც აქვს დემოკრატიულ ქვეყნებში იმიტომ, რომ დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევს იმის გარანტიას, რომ მომავალ არჩევნებს გამარჯვებაში დარწმუნებული შეხვდეს", - ამბობს სოსო ცინცაძე.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE