შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ხვალ 1500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
როგორც "ინტერპერსნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ზაჰესის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციისა და შესაბამისად, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ხვალ, 17 ივლისს, 11.00-დან 18.00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება: ზაჰესის დასახლებაში - ავჭალის, თავისუფლების, მშვიდობის, ენერგეტიკოსების, ყაზბეგის, ბიჭვინთის, სხვიტორის, ჭიჭინაძის, კეცხოველისა და კასკადის ქუჩებს; დიღმის საცდელ მეურნეობაში - "დიღომი 9-ის" აბონენტებს; ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა ობიექტებს, მათ შორის ღვინის ქარხანასა და ზაჰესში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას (სულ - 1500-მდე აბონენტს).
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში, რადგან მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი " პასუხისმგებელი არ არის.
"გაზის დანადგარებისა და მილების დაზიანების, ასევე ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ შესაბამის სამსახურებს: კომპანიის "ცხელი ხაზი" (ტელ. 2-40-40-04) მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 18.00 საათამდე, ხოლო საავარიო-სადისპეჩერო სამსახური (ტელ. 114) – 24 საათის განმავლობაში", - აცხადებენ კომპანიაში.