ყვარლის პოლიციაში კიდევ ერთი მოქალაქე, 28 წლის კოხტა ვარადაშვილი ცემეს. როგორც ვარადაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის შენობაში მას აგინებდნენ, თავში სცემდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, ვინ მოიხმარს მარიხუანას სოფელ გავაზში, სადაც ის ცხოვრობს.
"წუხელ დამიბარეს პოლიციაში. დილით მივედი. შენობაში რომ შევედი, მითხრეს, შენ სოფელში პლანს ხარშავენ, გვითხარი ვინ არიანო. რომ ვუთხარი, მე მომხმარებელი არ ვარ და არ ვიცი, ვინ მოიხმარს მეთქი, მაგინეს და მცემეს. ცხოვრებაში პლანი არ მომიწევია, არ ვიცი, ვინ რას აკეთებს. თავში მიტყამდნენ და მაიძულებდნენ მეთქვა, პლანს ვინ ეწევა. გიორგი ჰქვია, ვინც მცემა. თუ არ გაგვიგებ და არ გვეტყვი, შენ სოფელში პლანს ვინ ეწევა, დაგიჭერთო. დაზიანებები არ მეტყობა, მაგრამ თავი მტკივა. ათჯერ მაინც ჩამარტყეს თავში", - აღნიშნავს კოხტა ვარადაშვილი.
მისივე თქმით, ვიდრე პოლიციის შენობიდან გაუშვებდნენ, მას ტელეფონის ნომერი მისცეს და დაუბარეს, რომ მითითებულ ნომერზე დარეკავს ორი დღის განმავლობაში და გიორგი ერგეშიძეს, რომელიც ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ეტყვის, ვინ მოიხმარს სოფელ გავაზში მარიხუანას.