"ბრიტანელ შინდლერად" წოდებული, ნიკოლას ვინსტონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, 669 ებრაელი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, 106 წლის ასაკში, ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრიტანელი გმირის ისტორია მეორე მსოფლიოს ომის დროს დაიწყო, როდესაც გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან მან 669 ბავშვის გაყვანა მოახერხა.
17 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა ებრაელი იყო. ბრიტანეთმა მაშინ 10 ათასამდე დევნილი ბავშვი შეიფარა ნაცისტური გერმანიიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან. ბავშვები ბრიტანულ სკოლებში, ფერმებსა და სასტუმრო-სახლებში გაანაწილეს. მათგან ბევრი ოჯახიდან ერთადერთი იყო, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა...
"ბრიტანელი შინდლერი", როგორც ბრიტანელ ფილანტროპს ნიკოლას ჯორჯ ვინტონს მოიხსენიებენ, უშუალოდ მონაწილეობდა ბავშვების გამოყვანისა და მათი დაბინავების საქმეში. 1939 წლის მარტი-აგვისტოს თვეებში ბრიტანეთის მიმართულებით რვა მატარებელი დაიძრა, რომელმაც 669 ბავშვი სამშვიდობოს გაიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეხოსლოვაკიაში 15 ათასი ბავშვი დაიღუპა...
ამ საოცარი კაცთმოყვარეობის ამბავს ვინტონი 40 წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა, სანამ 1988 წელს მისმა ცოლმა გრეტამ ქმრის დოკუმენტებში ჩანაწერების წიგნი არ იპოვა. ჩანაწერებში ყველა ბავშვის, მათი მშობლების სახელები, მისამართები და ფოტოები იყო თავმოყრილი. სწორედ 1988 წელს შეიტყო მსოფლიომაც "ბრიტანელი შინდლერის" გმირობის ამბავი. როცა "ბი-ბი-სი"-ს ეთერში გადაცემა "That's Life" გავიდა, სადაც ვინტონი სტუმრად იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანმა ესთერ რანტზენმა ვინტონის ჩანაწერების ჩვენება დაიწყო, თან ამ საოცარ ისტორიას ყვებოდა. შემდეგ წამყვანმა შეკითხვა დასვა: "ამ აუდიტორიაში არის ვინმე მსგავსი ისტორიით? თუ არის, ადგეს". ამ სიტყვებზე თანდათან მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე - ასეთი ამაღელვებელი სიურპრიზი მოუწყო ტელეკომპანიამ ბრიტანელ გმირს და იმ ბავშვებს შეახვედრა, ვინც მან წლების წინ სიკვდილს გადაარჩინა...
...პრაღის მთავარ სარკინიგზო სადგურზე დგას ვინტონის ქანდაკება ორ ბავშვთან ერთად. მონუმენტი 2009 წლის პირველ სექტემბერს სიმბოლურად დაიდგა იმ დღიდან 70 წლის აღსანიშნავად, როცა ამ სადგურიდან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბავშვებით სავსე ბოლო მატარებელი გავიდა...
ემოციური კადრები "ბრიტანელ შინდლერზე", რომელმაც ჰოლოკოსტს 669 ბავშვი გადაარჩინა