იტალიაში, კრიმინალური გარჩევისას 40 წლის ქართველი მამაკაცი დაიჭრა. ის ქვედა კიდურებშია დაჭრილი.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, გზაზე ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. ორივე დაჭრილი ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ერთ-ერთი დაშავებული ადრე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებისათვის ნასამართლევი იტალიელი ეროვნების ახალგაზრდაა. მეორე პიროვნება კი, 40 წლის ეროვნებით ქართველი, ასევე წარსულში ნასამართლევი (წვრილმანი დანაშაულისთვის), მაგრამ იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მამაკაცია. როგორც სალერნოს პოლიცია აღნიშნავს, დაჭრილი ქართველი არცერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში არ შეინიშნება.
წინასწარი გამოძიებით, სროლა განხორციელდა ნაცრისფერი ფერის მოძრავი მსუბუქი ავტომობილიდან სანადირო თოფით. მანქანაში მძღოლის გარდა, კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებოდა. ორივე დაზარალებული ქვედა კიდურებშია დაჭრილი. პოლიციამ დაჭრილები, დანაშაულის ადგილზე, ერთმანეთისგან დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით იპოვა. ორივეს ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. გამოძიება აღნიშნულ ორ პიროვნებას შორის კავშირს ადგენს.
სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში ბოლო დროს სახლების გახშირებულ ქურდობებთან კავშირი არ გამოირიცხა. იქიდან გამომდინარე, რომ სროლა შუადღის მონაკვეთში მოხდა, როდესაც მაღაზიები დაკეტილია და ნაკლები მოძრაობაა, ფაქტის ცოცხალი მოწმე არ არსებობს. პოლიცია საქმეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე დაყრდნობით იძიებს.
მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითხოვს არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც, რადგან გახშირებული კრიმინალის გამო, მუდმივ სტრესსა და შიშში უწევთ ცხოვრება.
ნინო მამუკაძე იტალიიდან
სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის