ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია - გვეცინება და ვიცინით. მაგრამ ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში?
სიცილი ფიტნესია
სიცილი, უწინარესად, სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც ერთდროულად 80-მდე ჯგუფის კუნთს ამუშავებს. ამ დროს მოძრაობს მხრები, ვიბრირებს დიაფრაგმა, ეშვება კისრის, ზურგისა და სახის კუნთები. გულიან სიცილს ზოგიერთი სპეციალისტი 25-წუთიან ფიტნესს უტოლებს. სიცილის დროს ჩქარდება გულისცემა, მცირდება სისხლში სტრესის ჰორმონებისა და ქოლესტერინის დონე. ზოგჯერ ერთი გულიანი გაცინება საკმარისია თავის ტკივილის დასაამებლად.
სიცილი ამშვიდებს ნერვებს და ამაღლებს განწყობას. ორგანიზმში ის სასარგებლო ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ გარდაქმნებს იწვევს - ქსოვილებს ჟანგბადით ამდიდრებს და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების, გაძლიერებულ სინთეზს. სტრესის ჰორმონების შემცირებისა და ბედნიერების ჰორმონების გაძლიერებული სინთეზის წყალობით სიცილი იმუნიტეტსაც აძლიერებს.
გულს უყვარს სიცილი
სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რიტმი, ჩასუნთქვა ხანგრძლივდება, რაც ორგანოთა სისხლმომარაგებას აუმჯობესებს და გულის მუშაობაზეც სასარგებლოდ აისახება. აღსანიშნავია, რომ პირქუში ადამიანები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ისინი, ვისაც გულიანი სიცილი უყვარს. მხიარულებს ნაკლებად ემუქრებათ მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი. ეს იმით აიხსნება, რომ სიცილი განამტკიცებს სისხლძარღვებისა და გულის კედლის ამომფენ ენდოთელიუმის უჯრედებს.
ნუ შეგაშინებთ ნაოჭები
არსებობს მოსაზრება, რომ სიცილი ნაოჭებს აჩენს. სინამდვილეში ასე არ არის. გარეგნობაზე სიცილი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს - სახის კუნთებისთვის ის ვარჯიშის ტოლფასია. ასე რომ, ქალბატონებო, იცინეთ, რამდენიც გინდათ!
ფაქტები, ფაქტები
ახალშობილი 3 თვემდე ვერ იცინის.
10-წუთიანი სიცილი წვავს იმდენსავე კალორიას, რამდენსაც საშუალო ზომის შოკოლადის ფილა შეგძენთ.
იხილეთ გაგრძელება