პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებული კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა...
"90-იან წლებში ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს"
- ხომ არ იცით, თემქაზე რა ადგილას მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი?
- მეთერთმეტე მიკრორაიონის პირველ კვარტალში, რვასართულიანი სახლის პირველ სართულზე...
- უკაცრავად, მე ტაძარზე გკითხეთ.
- მეც ტაძარზე გეუბნებით! ამ ტაძარში მამა შოთა წირავს...
- ტაძარი მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა?!..
- არც მე მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე...
სოციალურ ქსელში გამართულ ამ დიალოგს შემთხვევით გადავაწყდი. თემას უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა... ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო, - ნათქვამია და რამდენიმე დღის წინ მითითებულ მისამართს კითხვა-კითხვით მივადექი.
კვიპაროსებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ჯვრის გამოსახულებიანი კარით შევდივარ. ეზოში აღმართული ჯვარცმით და დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის ილორის წმინდა გიორგის ხატით ვხვდები, რომ სოციალურ ქსელში ამოკითხულ მისამართზე ვარ. კართან რამდენიმე ქალბატონი მეგებება... მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში, ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა. უკვე 10 წელია, აქ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. მრევლით სავსე დერეფნიდან, მთავარ დარბაზში შევდივარ. ფრესკებით მოხატული კედლები, მედავითნეები, საკურთხეველი, მოძღვარი... წირვის დამთავრების შემდეგ, ტაძრის წინამძღვრისგან ვიგებ, რომ ასეთი ტაძარი, საქართველოში არ არსებობს.
როგორ იქცა პატრიარქის ბინა ტაძრად
უწმინდესმა და უნეტარესმა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ბათუმში მოღვაწეობისას თბილისში ჩამოსული სწორედ ამ ბინაში ათევდა ღამეს. 1968-1970 წლებში, როდესაც სახლის მშენებლობა დასრულდა, მეუფე ილიას ჰკითხეს, რომელ სართულზე გნებავთ ბინაო, - პირველზე, მიწასთან ასე უფრო ახლოს ვიქნებიო... ამ სახლში პატრიარქის მშობლები და დაც ცხოვრობდნენ.
იხილეთ სიუჟეტი: რას იხსენებენ თემქელები მეზობლად მცხოვრებ მომავალ პატრიარქზე