ცხოვრებაში უამრავი კურიოზი შეიძლება შეგხვდეთ და თუ თავის დროზე თავს გადახდენილმა ამბავმა გაგაღიზიანათ, შემდეგ შეიძლება ეს ამბავი ხალისითაც კი გაიხსენოთ. სწორედ ასეთი კურიოზული ამბავი მიამბო ჩემმა რესპონდენტმა.
მაიკო: - საჰაერო სასაზღვრო დეპარტამენტში ვმუშაობდი. ცხოვრება რომ გართულდა, სამსახურში სიარულს აზრი აღარ ჰქონდა, ხელფასებს თვეობით ვერ გვაძლევდნენ. მესამე ბავშვი გავაჩინე. ძალიან გაგვიჭირდა, გიოს წვალებით ვზრდიდით. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, მეც ეგრეთ წოდებულ "დეკრეტულში" ვიყავი. მაშინ სამწლიანი დეკრეტული შვებულება იყო და დედას, სურვილისამებრ, შეეძლო, ბოლომდე გამოეყენებინა ის, ან ადრე გასულიყო სამსახურში. ვიცოდი, რომ სამსახურში კარგი არაფერი ხდებოდა, ამიტომაც შინ ვიჯექი და შვილებს ვუვლიდი. მერე თანამშრომლებმა შემომითვალეს, - გეყო "ნებივრობა", ხელფასებს გვაძლევენ და გამოდიო... სიხარულით წავედი. სამი თვეც არ იყო გასული, რომ საზეიმოდ გამოგვიცხადეს, ხელფასები გაგეზარდათ, კარგი მუშაობისთვის კი, პრემიებიც გექნებათო.
აეროპორტში, გამშვებ პუნქტში მუშაობა საკმაოდ რთულია, მით უფრო ქალისთვის ხშირად არის გვიანი რეისები, ღამის მორიგეობები. მაგრამ რადგან ხელფასი იმ პერიოდში მაღალი გვქონდა (500 ლარი), უძილობას რაღას დავეძებდით. რამდენიმე კაცს მანქანა ჰქონდა და თანამშრომელი ქალები თბილისის ცენტრამდე, ან მეტროპოლიტენის რომელიმე სადგურამდე მოვყავდით.
ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ჩვენმა თანამშრომელმა გოჩამ ოთხი ქალი ჩაგვსვა და ქალაქისკენ დავიძარით. გზადაგზა, ვისაც სად უნდოდა, იქ ჩამოსვა. მეღა შემოვრჩი. დაღლილობისგან არაქათი მქონდა გამოლეული, წამთვლიმა კიდეც, რომ მობილურის ზარმა შემაფხიზლა. გოჩას უფროსი ურეკავდა და უკან, სამსახურში დაბრუნებას სთხოვდა. - შენ ისეთ ადგილას ჩამოგსვამ, სადაც ბევრი მიმართულებით გამოივლის მიკროავტობუსიო, მითხრა გოჩამ და მანქანა მალევე გააჩერა. "ისეთი ადგილი" ცირკის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. მოკლედ, დილის 11 საათია, ვდგავარ ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ცალ ხელში მიჭირავს ჩანთა, მეორეში კი დოკუმენტებით სავსე დიდი საქაღალდე და თვალებმიბლეტილი ველოდები ტრანსპორტს. უცებ ჩემ წინ მანქანა დამუხრუჭდა. ფანჯრიდან ასე 25-26 წლის ბიჭმა გამოყო თავი და ზრდილობიანად მომესალმა: