რით განსხვავდება მესამე თაობის ინტერნეტი 4G-ისგან, როგორ უნდა გავააქტიუროთ 4G სერვისი, რომელ მობილურ ტელეფონებს აქვს მეოთხე თაობის ინტერნეტ-მხარდაჭერა, რა თანხის გადახდა მოგვიწევს ახალ მომსახურებაში. ეს კითხვები ბევრ მობილურის ინტერნეტმომხმარებელს უჩნდება.
ოფიციალური მონაცემებით, მეოთხე თაობის ინტერნეტის სიჩქარე 10 -ჯერ აღემატება უკვე არსებულ ინტერნეტის სიჩქრეს. მისი მეშვეობით ინტერნეტ- ფაილების მყისიერი გახსნა და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩამოტვირთვა 2-3 წუთში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მეტია ლაივ სტრიმინგისა და ბრაუზინგის სიჩქარე. ფაილების ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარის გარდა, ახალი სტანდარტი იძლევა ახალი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას. მაგალითად, მაღალი ხარისხის ვიდეოკონფერენციები, მობილური ინტერნეტ-ტელევიზია და საუკეთესო ონლაინ თამაშები.
იმისთვის, რომ 4G ქსელში ჩაერთოთ, უნდა გქონდეთ მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს 4G მხარდაჭერა. ასეთი მობილური ტელეფონების რიცხვი არც ისე დიდია. მაგალითად, Apple -ის მობილურებიდან მხოლოდ 5C, 5S, Iphone 6 და 6 plus მოდელებს აქვთ 4G მხარდაჭერა. Samsung-ის მობილურებიდან კი მხოლოდ Samsung Galaxy 5, Samsung Note 4 და Samsung Alpha-ს.
როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენს ტელეფონს 4G მხარდაჭერა აქვს, უნდა მიხვიდეთ თქვენი მობილური ოპერატორის ოფისში, სადაც მოგცემენ სპეციალურ Usim ბარათს 4G მხარდაჭერით.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად მარტივია ეს პროცედურა და რამდენად დაინტერესებული არიან აბონენტები ახალი სერვისით, კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თეონა ბაღდავაძეს მივმართეთ.
-სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა გავააქტიუროთ 4G სერვისი?
-პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ არის თუ არა თქვენი ტელეფონი მეოთხე თაობის ქსელთან თავსებადი. ამისთვის ოფისში მისვლა არ არის საჭირო. 4G -ზე თავსებადი ტელეფონების ჩამონათვალის ნახვა ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.
მეოთხე თაობის ინტერნეტით სარგებლობისათვის საჭიროა სიმ ბარათის შეცვლა, რასაც ბილაინის აბონენტთა მომსახურების ნებისმიერ ცენტრში სრულიად უფასოდ, მარტივი პროცედურის მეშვეობით შეძლებთ.
- რა ტიპის ინტერნეტპაკეტს სთავაზობთ მომხმარებლებს და რამდენად ხელმისაწვდომია 4G ინტერნეტის მოხმარება?
- ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მხოლოდ ინტერნეტ-პაკეტებს, ასევე მიქს-პაკეტებს. 1 დღიანი მიქს-პაკეტის ღირებულება 2ლარია, ხოლო 30 დღიანის 5, 10 ,15 ლარი სალაპარაკო წუთებისა და ინტერნეტის მოცულობის მიხედვით. ულიმიტო მიქს-პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ულიმიტო სასაუბრო დროით ყველა ქსელზე, ულიმიტო მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და 2GB მოცულობის ინტერნეტით. უფრო კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტ და მიქს-პაკეტების შესახებ იხილეთ საიტზე.
- გარდა თბილისისა, რომელი ქალაქებია დაფარული "ბილაინის" 4G ინტერნეტით?
- მეოთხე თაობის ინტერნეტის მოხმარება "ბილაინის" აბონენტებს როგორც მობილური ტელეფონის მეშვეობით, ასევე მოდემებით და როუტერებითაც შეუძლიათ 30 ქალაქში:
თბილისი, ბათუმი , ქუთაისი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ლაგოდეხი, გურჯაანი, სიღნაღი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბაკურიანი, ბორჯომი, ქობულეთი, ფოთი,ზუგდიდი, ხობი, სენაკი, რუსთავი, გორი, მარნეული, გარდაბანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი, გუდაური, მცხეთა. უახლოეს მომავალში კი დაიფარება მთელი საქართველო.
სალომე შიხაშვილი
AMBEBI.GE