იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ამდენად, მათივე განცხადებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სრულად იქნება გამოკვლეული მედიით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა.
"აქვე აღვნიშნავთ, რომ სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად უზრუნველეყო სამინისტროს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ, რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, რომ დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს გამოძიება სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულების მიერ აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის 378-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით.
"ვინაიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საჯარო ინტერესი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილი დღესვე შესთავაზა სახალხო დამცველს, განცალკევებით ან მასთან ერთად შეხვდეს მსჯავრდებულებს და მათგან პირადად მიიღოს ინფორმაცია", - აცხადებენ სამინისტროში.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღეს განცხადება გააკეთა. ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს თბილისის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა.