ბაზარი ოქროსა და საიუველირო ნაწარმის უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს. მრავალფეროვანია ძვირფასეულობის მწარმოებელთა ჩამონათვალიც და სინჯების ხარისხიც. რა უნდა იცოდეთ, რომ ოქროულის შეძენისას მოტყუებულნი არ დარჩეთ და გადახდილი თანხა ოქროს ხარისხს შეესაბამებოდეს. Ambebi.ge-ს კითხვებს ექსპერტი, ლუიზა ხარაული პასუხობს.
- ოქროს ბირჟაზე სხვადასხვა წარმომავლობის ოქროს გთავაზობენ - რუსულს, სომხურს, იტალიურს, თურქულს და ქართულს. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელია ყველაზე ხარისხიანი?
- ოქროს არა აქვს გვარი და ეროვნება. სუფთა ოქრო იმდენად რბილია, რომ ერთი გრამიდან იწელება სამი კილომეტრი მავთული, ამიტომ სიმაგრისათვის რბილი და სუფთა ოქროს დალეგირება სხვადასხვა ლითონებით ხდება, რის შემდეგ ვღებულობთ სინჯიან ოქროს.
სინჯი არის ოქროს სისუფთავის საზომი ერთეული, რაც მაღალია სინჯი, მით უფრო ძვირფასია ოქრო. მაგალითისთვის 1000 გრამ 585 სინჯის შენადნობში სუფთა ოქროს წილი 585 გრამია და 415 გრამი სხვადასხვა ლითონი (ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ნიკელი, პალადიუმი). ამ ლითონების შემადგენლობა ოქროს შენადნობს უცვლის ფერს, რაც სინჯზე არ მოქმედებს.
- ადრინდელ სამკაულებს აქვთ სინჯი 583, შედარებით თანამედროვეებს - 585. ამბობენ, რომ 583 ხარისხით უკეთესია. მართლაც ასეა? რა სხვაობაა ამ ორ სინჯს შორის?
- სხვაობა"რუსულ" საბჭოურ 583 და 585 სინჯებში თითქმის არ არის – ორ ერთეულშია. ერთი და იგივე სინჯის სხვადსხვა ფერის ოქროს შენადნობში ფერის გარდა სხვაობა არ არის.
- რატომ ითვლება უფრო ხარისხიანად ძველი საბჭოთა პერიოდის ოქროული?
- კარგი და ცუდი ოქრო არ არის, არის დაბალი და მაღალი სინჯის ოქრო. არის გაყალბებული სინჯი, რომლის გარჩევა შესაძლოა მხოლოდ ექსპერტთან სათანადო ხელსაწყოებით.
- ბევრჯერ გვსმენია, რომ ინდური და თურქული ოქრო უხარისხოა. ეს სიმართლეა?
- რაც შეეხება "თურქულ" და "ინდურ" ოქროს, თუ ქარხნული წესითაა დამზადებული ნაწარმის სინჯში პრობლემა არ იქნება.
- როგორ უნდა გავარჩიოთ, სინჯი რეალურად შეესაბამება თუ არა პროდუქციის ხარისხს? როგორი უნდა იყოს დამღა? მხოლოდ ციფრი უნდა ეწეროს თუ თუ კიდევ რაიმე სიმბოლოა საჭირო?
- დამღის გარჩევა მხოლოდ ექსპერტს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია.
- რატომ ითვლება თურქული ოქრო უხარისხოდ. ოქრო თუ არაა მასში, რატომ იყიდება როგორც ოქრო? რით არის ის რუსულ ოქროზე ნაკლები ხარისხის?
- ოქრო ვერ იქნება უხარისხო, თუ მას სინჯი აქვს მინიჭებული. მთავარია სინჯი გაყალბებული არ იყოს.
- ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სინჯები მოქმედებს?
დღეს მსოფლიოში მოქმედებს სინჯის ორი სისტემა – მეტრული ერთეულით და კარატული - 24 ერთეულით.
• მეტრული სისტემის სინჯებია და ცალკეულ ქვეყნებში მოქმედებს: 333; 375; 500; 583; 585; 750; 875; 880; 900; 916; 958; 960.
• კარატული სისტემის სინჯებია: 8; 9; 14; 18; 21; 22; 23.
საქართველოში მეტრული სისტემიდან გამოყენებულია: 375; 583; 585; 750; 958 სინჯები.
- რამდენად სანდოა დღეს მინიჭებული სინჯები?
- მაღაზიები, რომელთა უკან დგას კომპანია თავისი წარმოებით, ქიმიური ლაბორატორიით, სადაც ტარდება ანალიზები, და სინჯის აღმნიშვნელ დამღში ასახულია კომპანიის ლოგო, ყველაზე სანდოა.