ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავს თხოვნით, რომ გამოიყოს ბინის ქირის თანხა ქუთაისში ცხოვრებისთვის ლიმიტის ფარგლებში.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე თამაზაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ ქ.ქუთაისში არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართი. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებული წესით განიხილოთ ჩემი განცხადება და გამომიყოთ ბინის ქირის თანხა ლიმიტის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, Ambebi.ge-ს ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკვე განხილულია და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
შეგახსენებთ, რომ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს პარლამენტის წევრების ქუთაისში ცხოვრებასთან დაკავშირებით გაცემულია ბინის ქირის კომპენსაცია 1 367 303,91 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე ბინის ქირის ანაზღაურებისთვის დანამატის სახით გაცემულია 2 890 530 ლარი.
რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, 2013 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეულმა სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა შეადგინა 101 681, 43 ლარი.