მალე ''რუსთავი 2'' ''ნიჭიერის'' მორიგ სეზონს გახსნის. 27 ოქტომბერს პროექტი განახლებული ჟიურით, განახლებული წამყვანებით და, რა თქმა უნდა, ახალი მონაწილეებით გავა ეთერში. ჟიურის წევრების საპატიო ადგილები წელს ნიკა გვარამიამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ია ფარულავამ და ლევან წულაძემ დაიკავეს. წამყვანებად კი ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოგვევლინებიან. თუ სიტყვაზე გვენდობით, გეტყვით, რომ ჩვენი შეფასებით, მათი ტანდემი ქართულ ტელესივრცეში საუკეთესოა.
ჩვენ საშუალება მოგვეცა, პროექტის ჩაწერებს დავსწრებოდით, რამდენიმე პაპარაცული ფოტო გადაგვეღო და ჟიურის წევრებს გავსაუბრებოდით. ყველაზე უცნაურ, ნიჭიერ, გამაღიზიანებელ მონაწილეებზე თავად ჟიურის წევრები მოგვიყვებიან.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' თუ გავიხსენებთ, ეს ამპლუა ჩემთვის მთლად ახალი არ არის, თუმცა აქ მასშტაბები ძალიან დიდია. იქ უფრო სპეციფიკური შეფასება იყო საჭირო და ვფიქრობ, რთულიც იყო ამის გამო. არც მიფიქრია, როცა შემოთავაზება მივიღე. ეს საუკეთესო შანსია და ფიქრის დრო არ გაქვს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბევრი ასეთი კონკურსი ტარდება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთი ''ნიჭიერია'', ერთი ''X ფაქტორია'', ერთი ''ცეკვავენ ვარსკვლავებია''.
- განსაკუთრებული ყურადღება, გაოცება რომელმა კონკურსანტმა გამოიწვია?
- დღეს განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალბატონი ამალია. უკვე ძალიან დაღლილს რომ გშია, გწყურია, სახლში წასვლა გინდა, მოშვებული ხარ და მოწყენილიც, სწორედ მაშინ გამოვიდა და ისე იმღერა, სულ დამავიწყდა დაღლა... არ მომწონს ძალისმიერი ნომრები, ცხვირში რაღაცებს რომ იყრიან, ტკივილს რომ აყენებენ საკუთარ თავს. საერთოდ, ვერ ვხვდები, ლურსმნის ცხვირში შერჭობა, ერთ ადგილზე გირების დაკიდება, რანაირი ნიჭია.
- ტომასი რატომ არ გადაიყვანეთ, სასქესო ორგანოთი, ანუ როგორც თავად თქვა, ცოცრით რომ უკრავდა როიალზე?
- კარგით, რა (იღიმება)... ისე, კარგი ნომერი ჰქონდა, გაგვამხიარულა, ამასაც ნიჭი უნდა, რომ მაყურებელი შენს ტყუილში დააჯერო. სიტყვა ცოცარი ამ გადაცემაში პირველად გავიგე. ეს არ არის ცოცრების კონკურსი, ეს ''ნიჭიერია''.
ნიკა გვარამია:
- ჩემზე ზემოქმედების მოხდენა რთულია, მაყურებლის მხრიდანაც და ჟიურის მხრიდანაც. სწორედ ეს არის ჩემი ამპლუა ამ პროექტში, ზემოქმედებას არ ვექვემდებარები, ყოველთვის საკუთარ აზრზე ვრჩები, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
- მონაწილეებზე რას მეტყვით?
- დღეს ნამდვილი შოკი იყო ყრუ-მუნჯი გოგონები, რომლებსაც მუსიკა არ ესმოდათ და სირტაკს ცეკვავდნენ. მომეწონა მსტვენელი ბავშვი, ეს ნამდვილად ჩემი სისუსტეა.
- ია ფარულავამ თქვა, ნიკასაც აქვს მუსიკალურად სტვენის ნიჭიო.
- ასეა, შესაბამისად, მეტად ვაფასებ ამ ნიჭის პატრონებს, ძალიან მიყვარს მსტვენელები. უნდა აღვნიშნო ინდირა ჯგერნაია, რომელიც დიდი ხანია ჩემი ფავორიტია. მგონია, რომ ძალიან კარგი მომღერალია და სერიოზული ადგილი ეკუთვნის ქართულ ესტრადაზე.
- ვინ არის ჟიურის წევრებს შორის ყველაზე მკაცრი?
- ალბათ, მე. ყველაზე ხშირად ვამბობ ''არას'' და ყველაზე ხშირად ვაჭერ წითელ ღილაკს ხელს.