ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა სარკისებურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებისა და თავისუფლების დაცვა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოსტულატს წარმოადგენს, განსაკუთრებით ოჯახის, როგორც ყველაზე ძლიერი სოციალური ინსტიტუტის პირობებში.
ქალების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფორმები აქვს, რომელიც დისკრიმინაციაში, მუქარასა და რეპრესიაში გამოიხატება. ოჯახური ძალადობა - ეს არ არის ძალადობის ცალკეული გამოხატულება ან უბრალოდ, კულტურული ფენომენი. სინამდვილეში, ოჯახური ძალადობა, ან მუქარა - ეს ძალაუფლების გამოხატვისა და კონტროლის მექანიზმია, რომელიც ქალს თავისუფლების და თვითრეალიზაციის საშუალებას ართმევს.
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით:
•მთელ მსოფლიოში ქალების 35% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის, ან სხვა ადამიანის მხრიდან.
• ურთიერთობაში მყოფი ქალების 30% აცხადებს, რომ ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა სექსუალური პარტნიორის მხრიდან.
• ქალთა მკვლელობის 38% მათი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი.
• ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი პირველი სექსუალური გამოცდილება ძალადობრივ ხასიათს ატარებდა.
ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა ძირითადად გოგონებისა და ქალების მიმართ ხორციელდება. განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს 35-44 წლის ქალები წარმოადგენენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ხორციელდება.
საერთაშორისო გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ქალების დაახლოებით 20%-ს და მამაკაცების 5-10% -ს ბავშვობაში რაიმე სახის სექსუალური ძალადობა აქვთ გადატანილი. ბავშვებს, რომლებიც ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც ხშირია ძალადობის ფაქტები, მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ, რომლებიც შესაძლოა, მომავალში განხორციელებული ძალადობის მიზეზადაც იქცეს.გაეროს კონვენცია "ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს, #561 დადგენილებით იყო რატიფიცირებული. ამის მიუხედავად, გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, 1760 პირთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა, ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს, ან ნაკლებად დატვირთული, "ქალისთვის შესაფერისი" სამუშაო ჰქონდეს. ასევე, ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და დაუთმოს კაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ასპარეზზე.
ზემოთ ჩამოთვლილი გენდერული როლები, საზოგადოებას ქალის და კაცის არსის ბუნებრივ გაგრძელებად მიაჩნია. მაგალითად, ის, რომ ქალი შვილს აჩენს და მასზე ზრუნავს, აძლევს მას უპირატესობას, იყოს უკეთესი მასწავლებელი, რომელიც სახლის გარეთაც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული. ხოლო კაცი, როგორც უფრო აქტიური და მებრძოლი, მოიაზრება პოლიტიკაში, სადაც ლიდერობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარებია საჭირო და ა. შ. გავრცელებული შეხედულებით, კაცის ბუნებას შვილების, განსაკუთრებით ახალდაბადებულების აღზრდა არ შეესაბამება, შესაბამისად, მათი დეკრეტულ შვებულებაში გასვლა არ არის საჭირო. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ორმაგი მორალი. ის, რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს. ქალის ქცევა კონტროლდება კაცის, და ზოგადად, მთელი საზოგადოების მხრიდან მეტად, ვიდრე - კაცის.
"გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მეთერთმეტე დაოჯახებული ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. რესპონდენტთაგან 34.7% ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 35.9% -ის მიხედვით, მათი მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას. ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემად უნდა დარჩეს და ოჯახის ფარგლებშივე მოგვარდეს. შესაბამისად, რესპონდენტების მხოლოდ 1,2%-ს მიუმართავს სახელმწიფო უწყებებისთვის (პოლიცია, საავადმყოფო, სასამართლო) ძალადობის შემთხვევაში.
ამ დროის მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში საქართველოში 22 ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რომელიც ფატალურად დასრულდა.
ანა თაბაგარი
AMBEBI.GE