ლიტვა სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე ცვლილებები კანონში სეიმში გუშინ შევიდა. ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლექსასი იმედოვნებს, რომ ცვლილებებს სეიმი სწრაფ რეჟიმში მიიღებს. "სწრაფი რეაგირების ძალები 2,5 ათასი სამხედროსგან იქნება ფორმირებული. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანების მიღებიდან ორი საათის განმავლობაში მათ შეეძლებათ მოქმედებაში მოსვლა", - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა ლიტვამ უკრაინის მაგალითზე გადაწყვიტა. იუზას ოლექსასის თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენებას მშვიდობიან პერიოდშიც. ლიტვური მედიის ცნობით, ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ძალები 1 ნოემბრიდან გამოჩნდება.