"გზის" მკითხველმა რამდენიმე ხნის წინ გვთხოვა, გვესაუბრა ნიჭთან დაკავშირებით. რატომ ეძლევა ადამიანს ღვთისგან სხვადასხვა ნიჭი? რატომ იბადება ზოგიერთი ადამიანი გამორჩეულად ნიჭიერი, ზოგს კი საერთოდაც წართმეული აქვს ყველანაირი ნიჭი? შეიძლება თუ არა, ადამიანმა რაიმე განსაკუთრებული ნიჭის მიღება ითხოვის ღვთისგან?
- რა არის ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული უმთავრესი ნიჭი?
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ყველაზე დიდი ნიჭი, რაც უფალმა ადამიანს მისცა, ეს არის თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე, ეძლევა შემდეგ ყველა ნიჭი.უფალი ყველა ადამიანს გამორჩეულ, განსაკუთრებულ ნიჭს აძლევს, მაგრამ მათი გამოყენება და განხორციელება თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული - შეგვიძლია კეთილ საქმეებს მოვახმაროთ, ან პირიქით, უკეთური, ბოროტის სასარგებლო საქმეები ვაკეთოთ.
- რა მიზეზით ეძლევა ადამიანს სხვადასხვა ნიჭი?
- უფალი ყველაფერს მრავალფეროვნად იქმს, ამის ნიმუში მთელი სამყაროა. ორი ერთნაირი რამ სამყაროში ფაქტობრივად, არ არსებობს. ადამიანებიც განსაკუთრებული, კონკრეტული ნიჭით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ვიცით, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები, არიან ქრისტეს სხეული. ისევე, როგორც ადამიანის სხეული შედგება სხვადასხვა ნაწილისგან, ყველა ნაწილს კი თავისი დანიშნულება აქვს, ასევე ქრისტეს მისტიკური ნაწილის, ეკლესიის წევრებსაც აქვთ თავ-თავიანთი დანიშნულება. უფალს წარწყმედისთვის არავინ შეუქმნია, ყველა სიკეთისა და ცხონებისთვის შექმნა, ამიტომ ყველას აძლევს შესაბამის კონკრეტულ ნიჭს, რომ ქრისტეს მისტიკურ სხეულში - ეკლესიაში ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს და დედამიწაზე თავისი საქმე აკეთოს, რათა უფრო იოლად აღესრულოს ცხონების საქმე. ყველამ რომ ერთი საქმე აკეთოს, შეუძლებელი იქნებოდა იმ საქმის აღსრულება, რაც დედამიწაზე უნდა აღსრულდეს. თანაც, ადამიანური აზროვნება უფალთან მიმართებაში მაინც შეზღუდულია და ამიტომაც არ შეიძლება, ერთ ადამიანში იყოს დატეული ყველაფერი. სწორედ ამ მიზეზების გამო აძლევს უფალი ყველა ადამიანს სხვადასხვა კონკრეტულ ნიჭს. ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ შეძლებს იმას, რასაც დედამიწის ყველა მცხოვრები ერთად.
- ზოგიერთი გამორჩეულად ნიჭიერი იბადება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ღვთისგან ზოგიერთს მომეტებულად დაებედება კონკრეტული ნიჭი?
- მართლაც ასეა, მაგრამ მთავარია, თვითონ როგორ გამოიყენა ის. შესაძლოა, კაცს მრავალი ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ ზარმაცი იყოს და მისი ნიჭიერება ფუჭად გაიბნეს. სწორედ შრომისმოყვარეობის შემდეგ გამოჩნდება, რომ ის ნიჭიერია. უფალი წინასწარ ჭვრეტს ყველა ჩვენგანის უნარსა და შესაძლებლობას და შესაბამისად აძლევს კონკრეტულ ნიჭს, რათა ეს მისთვის იოლად გამოსაყენებელი და საცხოვნებლად ადვილი იყოს. მაგრამ საკითხავია, იყენებს თუ არა ადამიანი ამას.
- გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ხშირად ამპარტავნება ეუფლებათ...
- ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭი მისი კუთვნილება არ არის და შესაძლოა, ერთ დღეს წაერთვას. თუ არ ერთმევა, ისევ ღვთის მოწყალების გამო; როდესაც მხოლოდ თავის განსადიდებლად იყენებს ნიჭს და არა ღვთის სადიდებლად, მას ბოროტად იყენებს და სულს იღუპავს. ვინც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს კეთილად, ღვთის სათნოდ იყენებს, მაინც განდიდდება, მაგრამ ეს საკუთარ თავს კი არა, უფალს უნდა მიაწეროს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს განდიდება უფლის შეწევნით შეძლო და დიდებაც მას კი არა, უფალს ეკუთვნის. ამ გზით ამპარტავნებასაც ავიცილებთ. როდესაც ადამიანი უფლისგან ბოძებულ ნიჭს ღვთის საქმეთა აღსასრულებლად არ იყენებს, საცხოვნებლად არ წაადგება. ნიჭი ღვთის სადიდებლად უპირველესად იმის გამო უნდა გამოვიყენოთ, რომ ვცხონდეთ, თორემ ეს უფალს არ სჭირდება.
- გამართლებულია თუ არა, რომ ადამიანმა რაიმე გამორჩეული ნიჭის მოცემა ითხოვოს ღვთისგან?
- როდესაც წმინდა მამებს რაიმე განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭი ეძლეოდათ, დავუშვათ - წინასწარმეტყველების ან კურნების, უფალს სთხოვდნენ, განგვაშორე ეს ნიჭიო, რადგან მიაჩნდათ, რომ მათი სულისთვის უკეთესი იქნებოდა, ეს არ ჰქონოდათ, რადგან სულიერი საბრძოლველიც ემატებოდათ და უნდა დაეთრგუნათ ამარტავნება, რომელიც ამ საქმეთა აღსრულების შემდეგ იჩენდა თავს. თუ ადამიანი უფალს შესთხოვს რაიმე გამორჩეული ნიჭის მინიჭებს, ეს ნიშნავს, რომ არა ღვთის, არამედ საკუთარი თავის განსადიდებლად ითხოვს მას.
- მაინც რატომ ეძლეოდათ წმინდა მამებს ღვთისგან გამორჩეული ნიჭი?
- წმინდა მამები, წმინდა და მართალი, ჭეშმარიტად ღვთივსათნო ცხოვრებით სულიერების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ. სწორედ მაღალი სულიერების გამო ეძლეოდათ მათ გამორჩეული ნიჭი, რათა ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მათ შემთხვევაში იმის საშიშროება არ იყო, რომ ესა თუ ის გამორჩეული ნიჭი სულის საზიანოდ იქნებოდა გამოყენებული, რადგან დაძლეული ჰქონოდათ ყოველგვარი საცდური, იცოდნენ, როგორ ებრძოლათ ამპარტავნებასთან. თითოეული მათგანი სულიერ სრულყოფილებას ზიარებული თუ არა, მიახლოებული მაინც იყო. ამის შემდეგ ეძლეოდათ ეს ნიჭი ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ. როდესაც სხვა ადამიანები დაინახავდნენ, რა უბოძა უფალმა ღვთისმოსავ ადამიანს, თვითონაც დაიწყებდნენ ღვთის დიდებას. წმინდა მამებს იმის ძალაც ჰქონდათ, რომ ეს ადამიანები უფალთან მიეყვანათ.
- ბოროტ სულს თუ შეუძლია ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს ადამიანს?
- ბოროტი სული ვერანაირ ნიჭს ვერ მისცემს ადამიანს, მას ამის ძალა არ შესწევს. ადამიანს ნიჭი მხოლოდ ღვთისგან ეძლევა, უფალი კი ყველა ადამიანს კეთილად ქმნის. ამიტომ არ შეიძლება ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს. ნიჭის კეთილად ან ბოროტად წარმართვა, მისი გამოყენება ადამიანის თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს. როგორც მამები ბრძანებენ, ადამიანს ღვთისგან მრისხანების, სიძულვილისა თუ სხვა მსგავს თვისებათა ნიჭიც ეძლევა, მაგრამ იმისთვის, რომ სძულდეს ბოროტი, მრისხანებდეს ბოროტზე, ხოლო თუ მოყვასზე მრისხანებს და მოყვასი სძულს, გამოდის, რომ ამ ნიჭს ბოროტად იყენებს.
შორენა მერკვილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)