ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის სახელით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კიწმარიშვილის სახლთან მისმა ძმამ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა.
ამასთან, კიწმარიშვილის სახლში იმყოფებოდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სავარაუდოდ, ისინი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით იმყოფებოდნენ გარდაცვლილის სახლში. მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ის ფარეხი, სადაც შემთხვევა მოხდა.
სარდაფში ამ დროისათვის ერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, თუმცა კიწმარიშვილის მანქანის პარკირების ადგილს აღნიშნული კამერა სავარაუდოდ, ვერ აფიქსირებს. ფარეხში არსებობდა სხვა სათვალთვალო კამერები, საიდანაც ჩანაწერი სავარუდოდ, სამართლადამცველებმა ამოიღეს.
მედიის წარმომდგენლებს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის დამლაგებელი ლეილა კავთელიშვილი ესაუბრა, რომელმაც აღნიშა, რომ გუშინ დაახლოებით 12-ის ნახევარზე სადარბაზოში შეხვდა ეროსი კიწმარიშვილი და მიესალმა. მისივე თქმით, სარდაფიდან სროლის ხმა არ გაუგია.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მათივე ცნობით, მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).
"შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი.
ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.