ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში და ბალღოჯიანში ვენახები და საზამთროს ბაღები დაისეტყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის გამგეობაში განუცხადეს, ვენახები და ნათესები განადგურდა ჭიკაანში, გავაზში, სანავარდოსა და მთის ძირშიც.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ ხიზანიშვილის განცხადებით, სეტყვამ მოსავალი დაახლოებით 400 ჰექტარზე გაანადგურა. მისივე თქმით, სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებს, რის შემდეგაც მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნიან. დაზარალებული გლეხების დახმარების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს.