მფრინავი ავიამზიდი
გასული საუკუნის დასაწყისში, სამხედრო სფეროში დირიჟაბლები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. იმ დროინდელი თვითმფრინავების პატარა მოქმედების დიაპაზონის გასაზრდელად, ამერიკელმა ინჟინერმა კარლ ანშტეინმა დირიჟაბლების გამოყენება გადაწყვიტა. "მფრინავი ავიამზიდი" "მაკონი" მან 1933 წელს ააგო, ხოლო მცირე დროის შემდეგ მისი ტყუპისცალი - "აკონი". დიდ დირიჟაბლებს ბორტზე ხუთი თვითმფრინავის F9C Sparrowhawk მიღება შეეძლო. სპეციალურ კავებზე დამაგრებული თვითმფრინავები, დირიჟაბლებს ჰაერში სცილდებოდნენ და დავალების შესრულების შემდეგ უკან, დირიჟაბლის ბორტზე ბრუნდებოდნენ.
იდეის პერსპექტიულობის მიუხედავად, "მფრინავი ავიამზიდის" მთავარი მინუსი, თავად დირიჟაბლი იყო. ნელი და მოუქნელი საფრენი აპარატი იდეალური სამიზნე იყო. უამინდობა მათ გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა. ასე მაგალითად, "მაკონი" 1935 წლის 12 თებერვალს ქარიშხლის დროს დაიმტვრა.
შეიარაღებული მოპედი
ინდო-ჩინეთის ომისას, ახალი შეიარაღების სახით, ფრანგული არმიის განკარგულებაში შეიარაღებული მოპედები Vespa 150 გამოჩნდა. ჩანაფიქრით, სამხედრო კოლონების წინ მიმავალ 75 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებულ მოპედებს, გზაზე არსებული მოწინააღმდეგის ობიექტები, ცოცხალი ძალა და ტექნიკა უნდა გაენადგურებინათ.
მაგრამ "გასამხედროებულმა მოპედმა" ფრანგებს ვერ უშველა. დიენბიენფუს გარნიზონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ და კაპიტულაცია გამოაცხადეს.
გიგანტური ტანკი
1914-15 წლებში, მეფის რუსეთის ინჟინრებმა გიგანტური "მეფე ტანკის" პროექტი შეიმუშავეს. ჩანაფიქრით, მისი გამოყენება პირველ მსოფლიო ომში იგეგმებოდა. ქმნილებას 9 მ-ის დიამეტრის ორი წამყვანი ბორბალი ჰქონდა. შეიარაღება ორი 76 მმ-იანი ქვემეხით შემოიფარგლებოდა. ვიზუალური ეფექტის გარდა, "მეფე ტანკისგან" ვერანაირი დადებითი ეფექტის მიღება ვერ მოხერხდა. ნელი და მოუქნელი მანქანა მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა და მისი განადგურებაც იოლი იყო.
გამოცდებმა სამხედრო სფეროში მისი არაპერსპექტიულობა გამოავლინა. გიგანტური კონსტრუქცია დაივიწყეს და ის ტყეში იჟანგებოდა, სანამ 1923 წელს ჯართზე არ დაჭრეს.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ russian7.ru-ის მიხედვით.