"გასართობი ჟურნალი მამაკაცებისთვის" - ეს წარწერა ჟურნალ "პლეიბოის" 1953 წლის 1 დეკემბრიდან ამშვენებდა, თუმცა ეს სიახლე საქართველოში 21-ე საუკუნეში შემოიჭრა.
2007 წლის მაისში ხმაურით დაანონსებული პირველი ნომერი გამოვიდა. რედაქტორი ნიკო ნერგაძე გახლდათ, ქართველებიდან კი გაშიშვლება პირველებმა ნინა წკრიალაშვილმა და ქეთი ყიფშიძემ გაბედეს.
პირველი ნომრის პრეზენტაციას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ინგა გრიგოლიას მაშინ "იმედზე" მიჰყავდა საავტორო გადაცემა და მაყურებელს კარგად ახსოვს ჯონდი ბაღათურიასა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება, ლელა წურწუმიასა და ხათუნა ჟორდანიას კრიტიკა და ხატია სიჭინავას მიერ ქართული ტრადიციების დაცვა.
ეს გადაცემა სატელევიზიო რეიტინგების ისტორიაში შეგვიძლია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეთერად მივიჩნიოთ, რადგან მაშინ თითქმის მთელი საქართველო შოუბიზნესურ დაპირისპირებას ადევნებდა თვალს.
მეორე ნომერში გაშიშვლება უფრო მარტივი აღმოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით გაიხადეს შორენა ბეგაშვილმა, მომღერალმა თამთა ჭელიძემ, ჯეობარელებმა - მულატკამ, სოფია კენჭიაშვილმა, ელენე კაკაბაძემ, ნელიკო ნაჭყებიამ... ჟურნალში პლეიმეიტებიც გამოჩნდნენ, გოგონები, რომლებიც თითქმის მთლიანად გახდაზეც იყვნენ თანახმა.
ჟურნალი 6 ლარი ღირდა. მაშინ ყველა მეორე ოჯახში კომპიუტერი არ იდგა და ფოტოები ინტერნეტით ნაკლებად ხელმისაწვდომი გახლდათ. აქედან გამომდინარე, ქართველი მამაკაცები ბევრს ლაპარაკობდნენ ჟურნალში გაშიშვლებულ გოგონებზე, მაგრამ "პლეიბოის" ნაკლებად ყიდულობდნენ.
ამის მიუხედავად, ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, ვინ გარისკავდა გაშიშვლებას მორიგ ნომერში და "პლეიბოის" შემდეგ ეს გოგონები ყვითელი პრესის გემრიელი საკბილო ხდებოდნენ.
რამდენიმე ნომრის გამოსვლის შემდეგ ჟურნალი დაიხურა. უამრავი ვერსია გაჩნდა. ერთი რამ ფაქტი იყო, რომ "პლეიბოი" ისე ვერ იყიდებოდა, საკუთარი თავი შეენახა. ამბობდნენ იმასაც, რომ გამომცემლებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს, ქართულმა მენტალიტეტმა ეს ჟურნალი არ მიიღო. კიდევ უამრავი სხვა ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა.
ამ ამბიდან შვიდი წელი გავიდა და დღეს გაშიშვლება აღარავის უკვირს. სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავების დიდი ნაწილი თამამად პოზირებს საცურაო კოსტიუმში და ზოგიერთი მათგანი უფრო გულახდილ ფოტოებსაც აქვეყნებს. ყოველ შემთხვევაში, სიშიშვლით ვერავის გააკვირვებ.
ამჯერად შევეცდებით, თვალი გადავავლოთ, როგორ შეიცვალა ყველაზე თამამი ქართველი გოგონების ცხოვრება "პლეიბოის" შემდეგ.
შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში "პლეიბოიში" გაშიშვლება გარდამტეხი აღმოჩნდა. მანამდე თამუნა ამონაშვილის ერთ-ერთ კლიპში შესრულებული როლით საზოგადოებისთვის თავი განსაკუთრებულად არ დაუმახსოვრებია. მაშინ მსახიობი დაოჯახებული გახლდათ. როგორც შემდეგ აღნიშნა, ოჯახი "პლეიბოის" გამო არ დანგრევია, რადგან ჟურნალის პრეზენტაციაზე მეუღლესთან ერთად გახლდათ.
"პლეიბოის" მოჰყვა სექსუალური კუკის როლი "პირველ არხზე" ერთ-ერთ სერიალში, სადაც პარტნიორობას მალხაზ ქვრივიშვილი და პაატა გულიაშვილი უწევდნენ. მისი პოპულარობა ამის შემდეგ ერთიორად გაიზარდა და წლების განმავლობაში კარიერაში ჩავარდნა არ ჰქონია. ეკრანზე კიდევ ორჯერ მოუწია გაშიშვლებამ, ერთხელ ავთო ვარსიმაშვილის ფილმში "იდიოტოკრატია" და მეორედ დათო იმედაშვილის "ოცნების ქალაქში".
დღეს შორენა სიშიშვლით ხალხს აღარ აკვირვებს, თუმცა ეს იყო საუკეთესო გზა კარიერის ასაწყობად და პირველად ქართულ სინამდვილეში წარმატებული კარიერა წარმატებული გათხოვებით არ დაუნგრევია.
იხილეთ სტატიის გაგრძელება