ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნისას, სპორტის სასახლეში, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური თუ კონსტიტუციური აქტივობა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავაბარებთ დემოკრატიის გამოცდას. ადგილებზე, თავად თქვენ თავად ამომრჩეველმა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. თქვენ უნდა მოუაროთ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს, შექმნათ საკუთარი ქვეყნის მომავალი. თქვენ ამ ქვეყნის მომავლის მშენებლები ხართ. ამ გამოცდას ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ და ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური თუ კონსტიტუციური აქტივობა, არც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჩასაბარებელი გამოცდა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი საკუთარი ოჯახის, ახლობლების, ქვეყნის წინაშე. ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ დაბაზე, თემზე, სოფელზე, ქალაქზე. ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოა", - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, კოალიციის კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოპოვებულ გამარჯვებას გაამყარებენ.
"დღეს ქვეყნისთვის, ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე ისევ ერთად ვართ. ისევ მხარდამხარ მივალთ საბოლოო და სრულ გამარჯვებამდე. შევიკრიბეთ კოალიციის კანდიდატების მხარდასაჭერად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადნახევრის წინ მოპოვებულ გამარჯვებას გაამაყრებენ, თავდაუზოგავად იშრომებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. წელიწადნახევრის წინ დავიბრუნეთ ქვეყანა, წერტილი დავუსვით უსამართლობას, სიცრუის პროპაგანდას, აღვადგინეთ დაკარგული სამართლიანობა. "ქართულმა ოცნებამ" გაგვაერთიანა გამარჯვების იმ საბოლოო მიზნის ირგვლივ, რომელსაც საერთო ძალისხმევით სულ მალე ერთად ვიზეიმებთ", - აღნიშნა კალაძემ.