ნინო გურაბანიძე სამხატვრო აკადემიაში სამოსის დიზაინზე სწავლობდა, შემდეგ ცოტა ხანს რომის აკადემიაშიც დადიოდა. ბედი სცადა კოსტიუმების მხატვრის, ილუსტრატორის რანგში. გარდა ამისა, ოთხ ქვეყანაში იყო რამდენიმე ბრენდის ვიზუალის ხელმძღვანელი. სხვადასხვა სფეროში ძალების მოსინჯვით გამოცდილება დააგროვა და ახლა გადაწყვიტა, საკუთარი ბრენდი ჩამოაყალიბოს.
- სანამ მთლიანად ჩავერთვები ბრენდისა და ატელიე-სახელოსნოს საქმეში, მანამდე პატარ-პატარა კოლექციებს ვქმნი, რომლებიც ერთ-ერთ ქართულ მაღაზიაში იყიდება. ზამთარში გავაკეთე რამდენიმე პალტო, ახლა კი ვმუშაობ გაზაფხული-ზაფხულის სამოსზე, რომელიც იმავე მაღაზიაში გაიყიდება. ძალიან მინდა, საზღვარგარეთაც მოვსინჯო ძალები და ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე.
- რაც შეეხება ამ სეზონის ზოგად ტენდენციებს...
- მსოფლიო მოდის სფეროში წითელმა, ლურჯმა და ყვითელმა ფერებმა წამოიწია. თითქმის ყველა დიზიანერის კოლექცია ცივი გამითაა დატვირთული, თუმცა პასტელური ტონებიც აქტუალურია. რაც შეეხება სილუეტს, ძირითადი აქცენტი გადატანილია წელზე, ზედა სამოსმა სიგრძეში მოიკლო. 40-50-იანი წლების ტენდენცია - წელზე მკვეთრად გადაჭრილი ბლუზები ისევ აქტუალურია. ასევე მოდურია ე.წ. ''ოვერსაიზ'' ზედები, ქვედაბოლოები კი უფრო დაგრძელდა და ქვედა წვივამდე ჩამოვიდა. შარვლების ძირითადი ხაზი შენარჩუნებულია, წელი მაღალია, მაგრამ ტოტი გაფართოვდა, ანუ თავიდანვე გაშლილი, ტრაპეციის ფორმის შარვლებია ტრენდული.
ამ სეზონისთვის მკვეთრად დამახასიათებელი ნიშანი დაპრინტული სამოსია. ძალიან დიდი პრინტებია მოდაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მცენარეული, გრაფიკული თუ სხვა. ქართველი მომხმარებელი ასე თუ ისე მისდევს მსოფლიო ტენდენციას და კარგია, რომ მუქი ფერები ღია ტონებმა ჩაანაცვლა, ხალხი ''გაფერადდა''. XXI საუკუნის მოდა მაინც ჩარჩოებიდან ამოვარდნილია, ამიტომ ტენდენციებს ბრმად არასდროს მივყვები; ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, თუმცა მსოფლიო მოდის სფეროდან გარკვეულ საკითხებს ვითვალისწინებ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება