საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციით იმუქრება. ასე შეაფასა ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პარალელების გავლების შესახებ.
"ჩვენი ვუნდერკინდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაიწყო სახიფათო პარალელების ძებნა - ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის. ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი ისევე გამოვა, როგორც გამოვიდა იულია ტიმოშენკო, საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ვიქტორ იანუკოვიჩის კვალს, რაც პირდაპირ თარგამანში შეიძლება ასე გამოიყურება – იმ წარმატებული ვიზიტის ფონზე, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში განახორციელა, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ აქ მოგიწყობთ რევოლუციას, ჩამოვა ლენინი სააკაშვილი, თქვენ აქედან გაიქცევით და გამოვა ვანო მერაბიშვილი. თუ ამაზე ხუმრობთ, მაშინ თვალი მაინც ჩაგვიკარით, ხოლო თუ ამას მართლა ამბობთ, მაშინ გეკითხებით: როგორ ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ? ჩვენ გვყავს ექიმები უმრავლესობაში და დაგეხმარებიან, თუ არა და, აგერ ბატონი გიგია და დაგეხმარებათ ისიც" , – მიმართა ქანთარიამ უმცირესობის წევრებს.
მისივე თქმით, თუკი რომელიმე ხელისუფლება რევოლუციას იმსახურებდა, ეს სწორედ წინა ხელისუფლება იყო, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გამო, ეს არ განხორციელდა და ძალისხმევა არჩევნებისკენ წარიმართა.
"ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდება, რაც არის ქვეყნის წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. ამიტომ ჩემო ბატონებო, ბოდვებს მოეშვით და თავს კანონგარეშე ნუ აყენებთ", – განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარიამ ოპოზიციას ურჩია, რომ სახიფათო განცხადებების გაკეთებას თავი დაანებონ და "ენას კბილი დააჭირონ".