რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის

რიჩარდ ნორლანდი შსს-ს მადლობას უხდის

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გაწეული სამუშაოთი აღფრთოვანებულია და უწყებას მადლობას უხდის.

რიჩარდ ნორლანდი სამადლობელ წერილში სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელთა პროფესიონალიზმზე საუბრობს და მომავალი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

"ბატონო მინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ადგილობრივი უსაფრთხოების ოფისის სახელით მინდა თქვენს სამინისტროს მივულოცო ნანული წიკლაურის და ტედი ნესის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დასრულება. ხსენებული საქმე საჭიროებდა ამერიკულ, ებრაულ, ავსტრალიურ და გერმანულ სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მუშაკებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი სამინისტროს სწრაფმა რეაგირებამ, მოწადინებამ და კომპეტენტურობის დონემ. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ტრეფიკინგის სამმართველოს უფროსს, ერეკლე მოძღვრიშვილს და ამ საქმეში წამყვან გამომძიებელს დიანა რობიტაშვილს ისევე, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულის სამმართველოს უფროსს ტარიელ ალავიძეს მათი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თქვენი ინტერპოლის ნაციონალური ბიუროს ხელმძღვანელს, ალექსანდრე არაყიშვილს და ამავე სამსახურის საერთაშორისო ძებნის სამმართველოს უფროსს, გიორგი გიორგაძეს გაწეული შესანიშნავი სამეკავშირეო სამსახურისთვის და კოორდინაციისთვის. მადლობელი ვარ თქვენი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის, რომელმაც უზრუნველყო შესაბამისი მედია გაშუქება და იმისთვის, რომ საჭირო გზავნილის სახით გაავრცელა ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში მსგავსი დანაშაულები არ რჩება რეაგირების გარეშე. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო, მინდა აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ გაწეული იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ აწარმოეთ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და საბავშვო პორნოგრაფიის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძლდება იმისთვის, რომ მომავალშიც გამოვავლინოთ და დავაკავოთ ყველა ის პირი, რომელიც მსგავს შემაძრწუნებელ დანაშაულებებს სჩადის", - ნათქვამია აშშ-ის ელჩის წერილში.

2013 წლის თებერვლიდან შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიება პარალელურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ს საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო.

სამთვიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა მსხვერპლისა და ბრალდებულების ვინაობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აიძულებდა დედა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში. მცირეწლოვნის პორნოგრაფიულ მასალას ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. აღნიშნული პიროვნება არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და თანამზრახველ დედასთან ერთად მონაწილეობდა ფოტომასალის დამზადებაში. თავის მხრივ, იგი ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახდენდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას.

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში - წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი, 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი.

არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად, რესოციალიზაციის მიზნით, მას გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ უტარდება სარეაბილიტაციო კურსი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ