ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ "საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს" აქვეყნებს.
"მითები გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ:
გმო იწვევს კიბოს - არცერთი კვლევით ეს არ დადასტურებულა, 2012 წელს დაიდო ფრანგი მეცნიერების საკამათო კვლევა, რომელიც ამას ამტკიცებდა, მაგრამ თავად მეცნიერებმა აღიარეს რომ კვლევა მცდარი იყო. იგივე დაადგინა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის ორგანომ.
გმო იწვევს ალერგიას - მაგალითად თუ მიწის თხილის ან მჭადის ფქვილისადმი ალერგია გაქვს და მისი გენი აღმოჩნდა სხვა პროდუქტში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო, მიწის თხილთან ან ჭადის ფქვილთან, შესაბამისად ვერ ხვდები, რომ არ უნდა ჭამო, მოკვდები. ეს ასე არ არის. გენის ხელოვნური გადატანისას ალერგიის გამომწვევი გენის გადატანა არ ხდება.
ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე ძალიან მკაფიოდაა მითითებული რომ გმო-ს მიღებასა და ჯანმრთელობას შორის კავშირი არ დადგენილა. საფრთხე არცერთ კვლევას არ დაუდგენია.
გენმოდიფიცირებული საკვები ახალი ხილია - ასე არ არის, მეთოდი ახალია, მაგრამ საკვების გენის მოდიფიცირება მას შემდეგ ხდება, რაც სოფლის მეურნეობას მიყო ადამიანმა ხელი. ანუ ათასობით წელია. მეთოდია ახალი და არა შედეგი.
ევროკავშირი გვავალდებულებს ავკრძალოთ გენმოდიფიცირებული საკვები - არა, გვთხოვენ, რომ მარკირება მოვახდინოთ.
ევროკავშირში აკრძალულია გენმოდიფიცირებული საკვები - არ არის აკრძალული. არც წარმოებაა აკრძალული, ევროკავშირის სასოფლო სამეურნეო მიწების ერთ პროცენტზე გენმოდიფიცირებული საკვების კულტივირება ხდება. ამერიკაში, საკვები პროდუქტის 60-70 პროცენტი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს.
გენმოდიფიცირებული საკვების წარმოების აკრძალვა სასარგებლო იქნება ადგილობრივი ფერმერისთვის - ეს არის აბსურდი. ადგილობრივი ფერმერი ავტომატურად არაკონკურენტუნარიანი ხდება, იმიტომ რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი არ და ვერ აიკრძალება, გმო-ს წარმოება კი ბევრად იაფია ვიდრე ორგანულის. ადგილობრივი ფერმერი ვერ გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ, იაფ პროდუქციას, იმ ქვეყანაში სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე 6000 დოლარია", - წერს ჩერგოლეიშვილი.