ვაკის პარკში ტყის გაჩეხვის და იქ სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, თუმცა თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სასტუმრო მაინც აშენდება. ამ თემაზე კომენტარი მუსიკოს რობი კუხიანიძეს ვთხოვეთ:
- რაც ვაკის პარკში ხდება, ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროა, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზეა ლაპარაკი, ასეთივე მდგომარეობაა თბილისის სხვა უბნებშიც.
- ამბობენ, ამ მშენებლობით გიგი უგულავას ქვისლი ყოფილა დაინტერესებული, როგორ ფიქრობთ, რომ არა ეს ფაქტორი, გასცემდა მერია მშენებლობის ნებართვას?
- სამწუხაროდ, ასეა - ყველა მთავრობა "პადერჟკასაც" და დახმარების ხელსაც მხოლოდ თავისიანებს უწვდის. აშენება კი არა, თუ მოისურვებენ, აშენებულსაც დაანგრევენ (ამის მაგალითებიც გვახსოვს)... 47 წლის ვარ და აქამდე სულ ასე ხდებოდა. ერთი ტყის გაჩეხვა კი არა, მთელ საქართველოს წვავდნენ და რას არ სჩადიოდნენ. თუ ამ მშენებლობაში მართლა უგულავას ქვისლია ჩარეული, კიდევ უფრო ცუდია, ასე ლობირებით რომ ხდება ასეთი ადგილების გაჩეხვა. რა მნიშვნელობა აქვს, ვისია ეს მშენებელობა, ვისიც არ უნდა იყოს, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ამხელა უზნეობაზე. იმ ტყეში სასტუმროს ჩაკვეხება ბარბაროსობაა. შეიძლება მერე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად გაამწვანო, მაგრამ იმ ფუნქციას დაკარგავს, რაც მას ბუნებრივად ჰქონდა: ახლომახლო პატარა ბავშვი ვეღარ დაჯდება და ვერც მშობელი ივლის თავისუფლად... შეიძლება ვიღაცას სასტუმროს ახლოს ნარდის ან დომინოს თამაში არ მოუვიდეს თვალში და ესეც აუკრძალოს ხალხს. მერე, ვითომდა ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ რაღაც ობიექტს ააშენებენ და იქვე სასტუმროს რესტორანში დიდები იქეიფებენ, პატარებმა კი მათ ლოთობას უნდა უყურონ. ბავშვებს ეროტიკული კადრების ყურებას უკრძალავენ, მაგრამ იქ უფრო უარესები მოხდება, რადგან ზოგადად სასტუმროს ასეთი დატვირთვა აქვს. ისე, მე რაც ვნახე და წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობა რატომღაც ერიდება ამ საქმეში ჩარევას. ეტყობა, უფრო საზოგადოებრივი თვალსაზრისით უნდათ მერიას შეუტიონ.
ესაუბრა ლადო გოგოლაძე
(გამოდის ოთხშაბათობით)