ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" კონკურსის - "მოკლედ ითქმის" გამარჯვებულები გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და "ელვა.გე"-მ დააჯილდოეს. ღონისძიება წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" ვაჟა-ფშაველას ფილიალში გაიმართა, სადაც კონკურსის 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. რვა მათგანს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ლადო გუდიაშვილის ნახატებით ილუსტრირებული ქართული ხალხური ზღაპრები გადასცა. ოთხ გამარჯვებულ ავტორს კი ერთი წლის განმავლობაში "ელვა.გე" ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრას" სახლში უფასოდ მიართმევს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა, ზაალ ჩხეიძემ აღნიშნა, პროზაული ტექსტების კონკურსი "მოკლედ ითქმის" 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისივე ინფორმაციით, საკონკურსო ნაწარმოების ზომა 200 სიტყვამდე განისაზღვრა. რედაქცია ავტორებს ნაწარმოების შესაქმნელად ცნობილი მწერლების ცნობილი ნაწარმოებებიდან ფრაზას სთავაზობდა. წლის განმავლობაში რედაქციაში 700-ზე მეტი ნაწარმოები შევიდა, რომელსაც სარედაქციო საბჭო განიხილავდა. ყოველთვიურად გამორჩეული 4-8 ნაწარმოები ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ფურცლებზე ხვდებოდა.
დღევანდელ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ავტორები გამოვლინდა. 8 მათგანი - ზაალ ტაბაღუა, ნინო მირზიაშვილი, მაკა ლდოკონენი, ნათია როსტიაშვილი, ირმა გოდერძიშვილი, ნინო საძაგლიშვილი, თეო ორველაშვილი და ნინო დიდბერუაშვილი გამომცემლობა "პალიტრა L"-სგან ლადო გუდიაშვილის ნახატებით ილუსტრირებული ქართული ხალხური ზღაპრებით დაჯილდოვდნენ. ხოლო 4 გამარჯვებული ავტორი - ალექსანდრე მათიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ნინო გაბაძე და ირმა იაკობიშვილი "ელვა.გე"-სგან მთელი წლის განმავლობაში ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრას" სახლში უფასოდ მიიღებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნათია როსტიაშვილმა აღნიშნა, "ლიტერატურული პალიტრის" მიერ გამოცხადებული კონკურსი დამწყები ავტორებისთვის იყო რეალური შანსი, რათა მათი ნაწარმოები ლიტერატურული გამოცემის ფურცლებზე მოხვედრილიყო, ხოლო გამოცდილი ავტორებისთვის აღნიშნული კონკურსი საკუთარი თავის გამოცდას წარმოადგენდა.
"ლიტერატურული პალიტრის" კონკურსი "მოკლედ ითქმის" წელსაც გაგრძელდება.