კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში, საგზაო მოძრაობას ამიერიდან რობოტები გააკონტროლებენ. ორი რობოტი, რომლებსაც ვიზუალურდ ადამიანის ტანის ფორმა აქვთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ ინტენსიური მოძრაობის გზაჯვარედინებზე განათავსა. ისინი ერთდროულად გზის მარეგულირებლისა და შუქნიშნის ფუნქციებს შეასრულებენ. ამისთვის მათ მკერდზე, ზურგსა და ხელებზე შუქდიოდური პანელები აქვთ.
ამავდროულად რობოტს ოთხი სათვალთვალო კამერა აქვს. პერსპექტივაში მათი მეშვეობით, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა დაფიქსირება და მიღებული ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში მართვის ცენტრში გადაგზავნა იგეგმება.
ალუმინისგან დამზადებული რობოტების სიმაღლე 2,5 მეტრია. მათ ხელების აწევ-დაწევა და ტანის ზედა ნაწილის 180 გრადუსით მოტრიალება შეუძლიათ. რობოტი-ანდროიდები კინშასაში მდებარე გამოყენებითი ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. თვითოეული რობოტის ღირებულება, რომლებიც ენერგიას მზის ელემენტებისგან ღებულობენ, 15 ათასი დოლარია.
ქალაქის ქუჩაში გამოჩენილი "ნოუ-ჰაუთი" კინშასას მოქალაქენი კმაყოფილნი დარჩნენ. თუმცა ზოგიერთის აზრით, ცოცხალი ადამიანისგან განსხვავებით, მას გზაჯვარედინზე შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა არ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აფრიკაში და ზოგადად მსოფლიოშიც, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება. მრავალწლიანმა შეიარაღებულმა შიდა დაპირისპირებამ, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის პირას მიიყვანა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.