ცოტა ხნის წინ, თბილისში, ნიგერიის მოქალაქე დააყაჩაღეს, მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ნივთები წაართვეს. დაზარალებული დღემდე საავადმყოფოშია და მკურნალობს. ამ ფაქტს საქართველოში მცხოვრები იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფე ეზე (რიჩარდ) აგუნეჯემბა გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ეზე შარშან, შემოდგომით მისი ქვეყნის წარმომადგენლებმა მეფედ აკურთხეს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრები ნიგერიელების ბედი ჩააბარეს. მათზე ზრუნვა და მათი მფარველობა დაევალა. ამიტომ ცოტა ხნის წინ დაზარალებული ნიგერიელის მდგომარეობით შეწუხებული მეფის სატელევიზიო კომენტარი ყველა არხით გავრცელდა, - ის საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით ეზე აგუნეჯემბას ჩვენც დავუკავშირდით და ნიგერიელების ქართულ ყოფაზე ვრცელი ინტერვიუ ჩავეწერთ.
- გაქვთ თუ არა ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ნიგერიელი ცხოვრობს საქართველოში?
- ადრეულ წლებში ძალიან ბევრნი ვიყავით. ახლა ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება. თუ არ ვცდები, 5000-მდე ვართ. ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ნიგერიელების უმეტესობა სახლში, უკან ბრუნდება იმიტომ, რომ საქმე აქ არც ისე კარგად მისდით. მერე საქართველოში ცხოვრება კრიმინალური კუთხითაც საშიში გახდა... ხშირად ახალგაზრდა ადამიანი აქ სასწავლებლად ჩამოდის, მაგრამ სამწუხაროდ, მოტყუებული რჩება.
- რატომ?
- თუ მანამდე ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში სასწავლებლად საუკეთესო პირობები ექნებოდა, - განსაკუთრებულ სასწავლო პროგრამებს შესთავაზებდნენ, აქაური სასწავლო სიტემის გაცდნობის შემდეგ, ის იმედგაცრუებული რჩება. არადა, ჩვენები არც ისე ცოტა თანხას იხდიან ამაში...
კიდევ ერთი რამ მაოცებს: გასულ წელს, თქვენმა ქვეყანამ ნიგერიელ სტუდენტებზე ვიზის გაცემა შეაჩერა. ვინც უკვე სწავლობს, მათაც არ უხანგრძლივებენ ვიზას. ვერ გავიგე, ეს რატომ ხდება. არადა, როგორია, ცხოვრებაში რაღაც გზას დაადგნენ, პროფესია აირჩიეს, განათლებას იღებენ, ამაში ფულს იხდიან და უეცრად, გაურკვეველი მიზნით, ქვეყნიდან უშვებენ, სწავლის დასრულების საშუალებას აღარ აძლევენ? მას ხომ უკვე აერია ცხოვრება? ეს არ არის ნორმალური.
- ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლების მოსვლას უკავშირებთ?
- არ მინდა, ეს ახალ ხელისუფლებას დავაბრალო, მაგრამ ფაქტია... თუ არ უნდათ, რომ საქართველოში "შავები" ჩამოვიდნენ, მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა გააცხადონ. ისიც ძალიან მაწუხებს, რომ თქვენს ქვეყანაში თავს დაუცველად ვგრძნობთ. უცხოელებს ნებისმიერი ქვეყანა სათანადოდ იცავს... საინტერესოა, ქართველები უცხო ქვეყანაში იმავე მდგომარეობაში რომ აღმოჩდნენ, მოეწონებათ? ამიტომ ჩვენებიდან ბევრმა უკრაინას, გერმანიას, ამერიკას მიაშურა.
საქართველოში ჩემი რეკომენდაციით, ბევრი იბოელი ჩამოვიდა, მაგრამ აქ იმედი გაუცრუვდათ, რაზეც გული მწყდება. მერე ჩემთან მოდიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ: ხომ გვეუბნებოდი, საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. რატომ გვექცევიან აქ ასეო?
რამდენიმე თვის წინ რუსთავში ასეთი ფაქტი მოხდა: ერთ ჩვენს ახალგაზრდას თავს დაესხნენ, წაართვეს ლეპტოპი, ფული და საბუთები. მაგრად სცემეს, ისე, რომ ის საწყალი 2 თვის განმავლობაში კომაში იყო. ყოველდღე საავადმყოფოში დავდიოდი, ვუვლიდი, კომიდან რომ გამოვიდა, ჩემთან სახლში წამოვიყვანე და აქ ვუვლიდი. 4 თვის შემდეგ საკუთარი სახსრებით თავის სახლში გავამგზავრე, მაგრამ ის საბოლოოდ, მაინც ვერ განიკურნა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
რამდენიმე დღის წინ ჩვენი კუთხის კიდევ ერთ წარმომადგენელი დააყაჩაღეს, თავი გაუტეხეს, მაგრად სცემეს, საფულე და ოქროს ძეწკვი წაართვეს. პოლიცია კი მეუბნება, რომ გამოჯანმრთელდება და დაზარალებული ლაპარაკს დაიწყებს, დამნაშავის ძებნას მერე დავიწყებთო. ეს როგორ? რომ მომკვდარიყო, დამნაშვე არ უნდა დაეჭირათ და დაესაჯათ? რა პასუხია?! მე ვენდობი თქვენს ქვეყანას, მის პოლიციას, მჯერა, როცა ამბობენ, კრიმინალურმა ფაქტებმა იკლოო, მაგრამ როცა ასეთი შემთხვევებს ვეჯახები, მიკვირს და გოცებული ვრჩები.