თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. ჯერჯერობით უცნობია პატარა ზებრას სქესი.
"ზებრას ნაშიერები დაბადებიდანვე ძლიერები არიან. თავიდანვე მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ. თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრა, აფრიკის მშვენებაა, ბურჩელის ზებრები (Equus burchellii) ადვილი გასარჩევები არიან ზებრას სხვა სახეობებისგან, მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა, აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრების განადგურებამ, შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა",- ნათქვამია თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.