2014 წელს ყველანი უკეთესი მომავლის იმედით ველოდებით. საახალწლო ფაციფუცი კარგა ხანია, დაიწყო. ნაძვის ხე, მეკვლე, გოზინაყი, საცივი და ა.შ. - ამ ყველაფრის გარეშე ქართველებისთვის ახალი წელი ხომ წარმოუდგენელია... როგორ ემზადებიან ცნობილი ადამიანები ამ დღესასწაულისთვის და რა სურვილები სურთ რომ ჩაიფიქრონ, ამას მათი ინტერვიუდან შეიტყობთ.
"მინდა მჯეროდეს, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია"
მაკა ცინცაძე, ტელეწამყვანი:
- წინასაახალწლო განწყობილება ნამდვილად მაქვს. კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს თოვლიც იქნება, რომელიც ამ დღესასწაულს კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს და ჯადოსნურ ხიბლს შესძენს. თუმცა თბილისში თოვლისგან განებივრებულები არ ვართ... რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, ეს ის დროა, როცა გასულ წელს აანალიზებ და რაღაც ახლის, მნიშვნელოვანი წინსვლის, ცვლილებებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინში ხარ.
- ნაძვის ხე უკვე მორთე?
- ნაძვის ხის მორთვა, ვფიქრობ, განსაკუთრებული რიტუალია. სახლში 2 წლის კესო მყავს და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცოტა ნაადრევად მოგვერთო. მეც მასავით მიხარია 2014 წლის დადგომა.
- 2014 წელს სად და ვისთან ერთად ხვდები?
- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვეგებები, მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად მივდივარ გასართობად.
- საახალწლოდ გარდერობს თუ აახლებ?
- ახალი წელი ჩემში ძალიან ბევრ ემოციას იწვევს. ზოგჯერ ერთი ღამისთვის ისეთი მონდომებით ვემზადები, რომ ემოციურად ვიღლები. ამიტომ წინასაახალწლოდ გარდერობის გასაახლებლად თავს არ ვიწუხებ.
- თქვენი ოჯახის მეკვლე ვინ არის ხოლმე?
- მიუხედავად იმისა, რომ ცრუმორწმუნე არ ვარ, მინდა მჯეროდეს, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, ამისთვის ეტყობა, ჯერ ისიც არ უთქვამთ, სანტა რომ არ არსებობსო (იცინის), მაგრამ რა ვქნა, ახალ წელს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ველოდები და აფორიაქებული ვარ. ძველი ქართული ტრადიციისამებრ არ ვმოქმედებ და ახალი წლის ღამეს კარს ღიას არ ვტოვებ, მაგრამ ვცდილობ, მეკვლედ კეთილი და ჩემთვის საყვარელი ადამიანი მოვიწვიო.
ვინ იქნება სოფიას მეკვლე
სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:
- მინდა, ეს ახალი წელი განსაკუთრებულად მხიარული და დასამახსოვრებელი იყოს. ძალიან ბევრი იდეა და აზრი მიტრიალებს თავში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეგებო დამდეგს. იმედია, ჩემი სურვილი რეალობას დაემთხვევა. განწყობილება ამაღლებული მაქვს. 2014-ში ბევრ სასიამოვნო სიახლეს ველოდები.
- გადაწყვეტილი გაქვს თუ არა, სად უნდა შეხვდე ახალ წელს?
- რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. რატომღაც, ძალიან მინდა, ახალი წლის დღესასწაული სახლში გავატარო. სავარაუდოდ, დამდეგს შვილთან და ძაღლთან ერთად შევხვდები, მერე კი მეგობრებთან ერთად სადმე წავალ.
- სპეციალურად ამ დღისთვის მეკვლე თუ შეარჩიე?
- მეკვლედ არავის მოვიწვევ. სავარაუდოდ, ამ მისიას ჩემს ჰეფიკოს (ძაღლი) დავაკისრებ. ვნახოთ, ჩემს ძაღლს როგორი ფეხი ექნება.
- ნაძვის ხე უკვე მორთე?
- წინასაახალწლოდ სახლს ლამაზად ვრთავ ხოლმე. როგორც წესი, ნაძვის ხესაც ვაწყობ, მაგრამ ჯერ არ მომირთავს... მიყვარს ახალი წელი, 2014-ს კი დიდი სიახლეების მოლოდინით ვეგებები. იმედია, ჩემი ცხოვრება რადიკალურად, თანაც - ჩემთვის სასიამოვნოდ შეიცვლება.
"ვისთანაც მეკვლედ მივედი, ყველას ვაჟი შეეძინა"
ქეთი ყიფშიძე:
- ახალ წელს ყოველთვის კარგი განწყობილებით ვეგებები. იმედია, 2014 წელი ჩემთვის ფეხბედნიერი იქნება.
- ახალ 2014 წელს შინ, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდები თუ რომელიმე რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში?
- ახალ წელს ტრადიციულად, ყოველთვის შინ ვხვდები, მერე კი ახლობლებთან სტუმრად მივდივართ ხოლმე.
- მეკვლედ ვინ გეყოლება?
- ჩემი მეკვლეები ჩემი შვილები არიან (იცინის). ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე მათ გარეთ ვუშვებ და ზუსტად 12 საათზე ტკბილეულით დატვირთულები შემოდიან. ამ ტრადიციას წელსაც არ დავარღვევ, რადგან მათ ოჯახში კარგი აურა შემოაქვთ.
- შენ თუ ყოფილხარ ვინმეს მეკვლე? როგორი ფეხი გაქვს?
- მე ის ოჯახები მეპატიჟებიან, სადაც ვაჟის დაბადება სურთ. რამდენიმეჯერ დაემთხვა, რომ ვისთანაც მეკვლედ მივედი, ყველას ბიჭი შეეძინა (იცინის).
- ნაძვის ხე თავად მორთე?
- ნაძვის ხის მორთვაში ყოველ წელს ვმონაწილეობ. სხვათა შორის, ძალიან ლამაზი ნაძვის ხე მაქვს.
- საახალწლოდ გარდერობს თუ აახლებ?
- სპეციალურად ახალი წლისთვის გარდერობს ვერასოდეს ვაახლებ, რადგანაც ახალი წლის დღეებში ვცდილობ, შვილებთან ერთად ვიყო.
- შენმა შვილებმა წერილი მისწერეს თოვლის ბაბუას?
- უფროსი უკვე 13 წლისაა და თოვლის ბაბუის არსებობის აღარ სჯერა. აი, პატარა ელენემ კი თოვლის ბაბუას წერილი დიდი ხნის წინ მისწერა. მას თოვლის ბაბუა და ფიფქია ყოველ ახალ წელს სტუმრობენ და იმედია, წელსაც მობრძანდებიან.
- გოზინაყის მომზადება თუ იცი?
- სამწუხაროდ, გოზინაყისა და საცივის მომზადება არ ვიცი. ახალ წელს საცივს ჩემი და ამზადებს, გოზინაყს კი ბებია გვიკეთებდა, მაგრამ ის გარდაიცვალა. ჰოდა, ახლა გოზინაყს ან ვყიდულობთ, ან რომელიმე ახლობელი გვიმზადებს.
"გოზინაყს ყოველთვის თავად ვამზადებ"
ნინო ჩხეიძე, მომღერალი:
- ჩემს ოჯახში საახალწლო განწყობილება პირველი დეკემბრიდან იგრძნობოდა; სტუდიაშიც და სახლშიც ნაძვის ხე ზამთრის პირველსავე დღეს მოვრთე.
- 2014 წელს მეკვლედ ვის ეპატიჟები?
- ჩემი ოჯახის მეკვლე ყოველთვის მამაჩემია. ამ ტრადიციას წელსაც არ დავარღვევთ. მიგვაჩნია, რომ მამას კარგი ფეხი აქვს. პირადად მე, არასდროს არავის მეკვლე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არ ვიცი, "კარგი ფეხი" მაქვს თუ ცუდი. ისე, საკუთარ თავზე მსგავსი პასუხისმგებლობის აღების არანაირი სურვილი არ მაქვს (იცინის).
- საახალწლოდ გარდერობს თუ აახლებ?
- კი, რადგან ამ პერიოდში ყოველთვის უამრავი კონცერტი მაქვს და შესაბამისად, ახალი კოსტიუმებიც მჭირდება.
- 2014-ს სად შეეგებები?
- ძალიან მიყვარს, როცა ახალ წელს ოჯახში ვხვდები, მაგრამ ვინაიდან კონცერტებზე მიწევს გამოსვლა, ამას იშვიათად ვახერხებ. დამდეგს ძირითადად, ქუჩაში ვეგებები.
- ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრების ტრადიცია მოგწონს?
- ახალი წლის ღამეს ყოველთვის ერთი სურვილი მაქვს. ვამბობ: მინდა, ბედნიერი და წარმატებული წელი მქონდეს-მეთქი.
- გოზინაყის მომზადება თუ იცი?
- სხვათა შორის, გოზინაყის მომზადება ძალიან მიადვილდება. მთავარია, ნიგოზი კარგად დაჭრა, მერე კარგად გაასუფთაო... უნდა ეცადო, თაფლი არ დაგეწვას. მოკლედ, საახალწლო სუფრისთვის გოზინაყს ყოველთვის თავად ვამზადებ.
- საცივის მომზადებაც გეხერხება?
- საცივს ხშირად არ ვამზადებ, მაგრამ როცა მომიმზადებია, ყოველთვის აღუნიშნავთ, რომ ძალიან გემრიელი გამომდის.
- შენს შვილს თოვლის ბაბუის არსებობის თუ სჯერა?
- ამბობს, მჯერაო, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე გაიზარდა და თოვლის ბაბუისთვის წერილების მიწერის ასაკიდან გამოვიდა (იცინის).
"მინდა, ეს სადღესასწაულო განწყობილება დიდხანს იგრძნობოდეს"
ქრისტინე იმედაძე, მომღერალი:
- ახალი წელი ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, მის შემობრძანებას ყოველთვის სიხარულით ველოდები. რაც მთავარია, 2014 წელს იმედიანად, კარგი განწყობილებით შევხვდები.
- ნაძვის ხე თავად მორთე?
- ტაისიას თხოვნით, ნაძვის ხე დიდი ხნის წინ მოვრთე. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. საერთოდ, საახალწლო მორთულობები ისე მიყვარს, რომ მინდა, ეს სადღესასწაულო განწყობილება დიდხანს იგრძნობოდეს.
- 2014-ს სად ან ვისთან ერთად შეეგებები?
- 2014 წელს, როგორც ყველა მომღერალი, მეც ქუჩაში, კონცერტზე შევეგებები. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის შევხვდი ახალ წელს სახლში.
- მეკვლე თუ გყავს შერჩეული?
- მეკვლე ჯერ არ შემირჩევია. იმედი მაქვს, წელს ჩვენი მეკვლე "კარგი ფეხის" მქონე ადამიანი იქნება, რომელიც ოჯახში სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
- თავად თუ ხარ რომელიმე ახლობლის ოჯახში მეკვლედ მიწვეული?
- სამწუხაროდ, ახალი წლის ღამეს ვერც ერთ მეგობართან ვერ მოვახერხებ მისვლას, ბევრ კონცერტში მომიწევს მონაწილეობა.
- გოზინაყის მომზადება თუ იცი? საახალწლო სუფრისთვის რომელ კერძს ამზადებ ხოლმე?
- საერთოდ, საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ვამზადებ. როგორი გამომდის, ეს უკვე სხვებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა წელს, დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, საახალწლო სამზადისში ვერ ჩავერთვები. რაც შეეხება გოზინაყს, ამ ნუგბარს ყოველთვის ბებია ამზადებს და მერე ჩვენც გვიგზავნის ხოლმე. იმედია, ამ ტრადიციას წელსაც არ დაარღვევს.
- ტაისიამ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა?
- რა თქმა უნდა, ამაზე უკვე იზრუნა.
- თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი, რა სთხოვა?
- "აიფონ 5" სთხოვა (იცინის).
- როგორ ფიქრობ, თოვლის ბაბუა ტაისიას ამ სურვილს შეუსრულებს?
- ვინაიდან ტაისია ძალიან კარგი გოგოა, თოვლის ბაბუა ყველანაირად შეეცდება, სურვილი აუსრულოს.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)