ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქში" ათონის მთაზე მდებარე ქართული მონასტრის, ივერონის უძველეს ფოტოს აქვეყნებს.
"ეს სურათი არის ივერონის ქარველთა მონასტრის ერთ-ერთი უძველესი ფოტოგამოსახულება, რომელიც გადაღებულია 1869 წელს და ამჟამად ინახება პანტელეიმონის მონასტრის არქივში", - ასეთ განმარტებას უკეთებს ბერი ერმოლაოსი ფოტოს.
ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს წმინდა იოანე ქართველმა დააარსა. ივერთა მონასტერი წმინდა მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის სახლია. ივერიის მონასტერს 1740 და 1845 წლებში ათჯერ გაუჩნდა ხანძარი, 1865 წლის ხანძარმა კი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
მონასტერში დაცულია 150 წმინდანის ნაწილები. ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი და 15 ლიტურგიკული გრაგნილი, 20000-ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთისმეტყველი. მას აქვს 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 - გარეთ.
ბოლო ქართველი ბერი აქ 1955 წელს გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: ათონის მთის ივერონის მონასტერი ბერი ერმოლაოსის ფოტოალბომიდან