ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"აი, როგორ არ ვთქვა რაა. ყაჩაღობაზე ნასამართლევიაო და ორივე მთავრობის დროს პროკურორად უმუშავია. თან ორივე მთავრობა რომ ერთმანეთს აყვედრის ამ ამბავს... შარშან კიდევ, ჩემს დიშვილს ყველა გამოცდა ჩააბარებინეს თავდაცვის აკადემიაში (თან უმაღლეს ქულებზე) და ბოლოს უთხრეს, ბავშობაში, ჩხუბი მოგსვლიაო (14 წლის რომ იყო, არავინ დაჭრილა და არავინ დაშავებულა) და ეგ საქმე პოლიციაში იყოო და ჩაბარების უფლება არ გაქვსო... მიუხედავად იმისა, რომ შსს-დან ცნობაც ჰქონდა არანასამართლეობაზე და ყველაფერი. და ეს სამართლებრივი ქვეყანაა? ჩემ თავზე კი არ ვჩივი კაცო, ახლა, ამ ამბავს რომ ეს ჩემი 20 წლის, ნაკაჩავები დიშვილი წაიკითხავს, რა ხასიათზე დადგება "სამშობლო-ქვეყნის" და მსგავსი მაღალი მატერიების მიმართ?", - წერს გრძელიშვილი.
გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღობისთვის არის გასამართლებული.
როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.
რამდენიმე წუთის წინ მთავარმა პროკურორმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.