საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ დეკემბრის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ამ დროისთვის მე მაქვს მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა. როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, იმ პერიოდში რომ აღედგინათ ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა, პრემიერად დარჩენის უფლება აღარ მექნებოდა. აი, ასე მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციის დამახინჯება. ამჯამად, უზენაესი სასამართლო განიხილავს ამ საკითხს და ვფიქრობ, დეკემბრის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეობას აღმიდგენენ", -განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. "მე შემიძლია დავიბრუნო რუსეთის მოქალაქეობა, თუ ამის საჭიროება იქნება. ჯერ ამის საჭიროება არ არის", - აღნიშნა ივანიშვილმა.