ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ტრისტან მახაური არაერთი მონოგრაფიისა და გამოკვლევის ავტორია, თუმცა აღიარებს, რომ პოეზია მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო საქმიანობა.
- ბატონო ტრისტან, გაორების შეგრძნება ხომ არ გიჩნდებათ იმის გამო, რომ მხატვრულ სიტყვასა და მეცნიერებას ერთდროულად ემსახურებით?
- არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მაინც იმ სულიერ საუნჯესთან მიწევს შეხება, რასაც სიტყვა ჰქვია, თუმცა პოეზია სხვა სფეროა - ლიტერატურათმცოდნეობა და ფოლკლორისტიკა კი - სულ სხვა, ამავე დროს, სრულიად განსხვავებულ სამყაროს გვთავაზობს ცხოვრება. ვფიქრობ, რომ სამივე ამ სფეროში ადამიანის სახე, მისი ინდივიდუალობა და თვითმყოფადი ბუნება უნდა ჩანდეს. შემოქმედი სხვებისაგან გამორჩეული უნდა იყოს, სხვაგვარად მას თავის დამკვიდრება გაუჭირდება.
- თქვენს კალამს ეკუთვნის ლექსი "მგელი", რომელიც თავისუფლების ერთგვარი საგალობელია, თუმცა, ზოგიერთის აზრით, მგლების მიბაძვას ნაცარქექიობა ჯობია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ამ ლექსში მთავარი ის არის, რომ ადამიანმა საკუთარ მრწამსს არ უნდა უღალატოს. ამიტომაც ვამბობ ლექსის დასასრულს:
"მაინც არ მინდა მორჩილებით
დავხარო თავი,
გავუყვე თეთრი სახლებისკენ
მიმავალ ბილიკს,
რადგანაც ვიცი:
მეც ძაღლივით დამაბამენ
ფარეხის ახლოს
და ვუდარაჯებ იმას, რასაც
უნდა ვმუსრავდე!"
ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იმას არ უნდა მიემხროს, რისიც არა სწამს, რისიც არ სჯერა. ეს არის გონივრული გადაწყვეტილება და არა ბრიყვული ბრძოლა. ბრიყვულმა ბრძოლამ და დაუფიქრებლობამ მართლაც დიდი ზიანი მოგვიტანა და ჩამოგვარჩინა. ჩემს "მგელში" კი სულ სხვა რამ იგულისხმება. სხვათა შორის, ეს ლექსი 1983 წელს დავწერე, როცა საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის 200 წლისთავს ოფიციალურად ზეიმობდა. მოგვიანებით შეიქმნა ჩეჩნეთის ჰიმნი, სადაც მგელი თავისუფლების სიმბოლოდ არის წარმოდგენილი, მაგრამ მე მასაზრდოებდა ქართული იგავი მგლისა და ძაღლის შესახებ, მასაზრდოებდა სინამდვილე და ქართველი პოეტების ლექსები, თუმცა არავინ გამიმეორებია და ამ ლექსით ჩემი სათქმელი გამოვხატე.
- ისე, საბჭოთა იმპერიასთან შუბლით შეჯახება ძვირად ხომ არ დაუჯდა საქართველოს?
- იცით, რა? - ეტყობა, თავისუფლებისთვის ბოლომდე მომზადებული არ იყო ჩვენი საზოგადოებაც. პირველი, ანუ გამოღვიძების ეტაპი, ძალიან კარგი იყო და ამას თავის დროზე მერაბ კოსტავაც ამბობდა: ქართველმა ხალხმა გააცნობიერა რა მდგომარეობაში იყო, რომ მას თავისუფლება სწყუროდა და აუცილებლად უნდა მოეპოვებინა, მაგრამ თავისუფლების მოპოვების გზები იყო არასწორი. ბრძოლის დროს ზოგჯერ უკანდახევაც საჭიროა, დაფიქრებაც და სიფრთხილის გამოჩენაც... მაგრამ ვინც ამას ამბობდა, არ დაუჯერეს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რომელმაც უკან დაგვწია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კაციჭამიობის პერიოდი გამოვიარეთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შიგნითაც იყო ქართველების ღალატი, ამ და სხვა მიზეზების გამო თავისუფლების მოპოვების მომდევნო ეტაპები ჩვენმა ხალხმა ძალიან ცუდად განვლო. ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ ვერაგ და ბოროტ ძალასთან გვიწევდა დაპირისპირება, მაგრამ ეს თავის დროზე ვერ გავაცნობიერეთ, რადგან საბჭოთა იმპერიამ ჩააძინა ჩვენი ხალხი, ფესვებს მოსწყვიტა და ავისა და კარგის გარჩევა გაუჭირდა.
- ბოლო წლებში საქართველოს მთიანეთიდან არაერთი საინტერესო შემოქმედი წამოვიდა…
- მთა სისუფთავის, სიწმინდის, სისპეტაკის სიმბოლოა და იქიდან წამოსული ახალგაზრდები მართლაც ძალიან დიდი პოეტური ნიჭით არიან დაჯილდოებული, მაგრამ მათ სჭირდებათ ძალიან დიდი შრომა, კითხვა, აზროვნება, რომ ეს ნიჭი ბოლომდე გამოიყენონ. მთიელი პოეტებიდან გამოვყოფდი ბესიკ ხარანაულს, ჯარჯი ფხოველს, აწ გარდაცვლილ მამუკა წიკლაურს, ტარიელ ხარხელაურს, მანანა ჩიტიშვილს და სხვებს - ეს ის ხალხია, რომელიც მართლა ქმნის ამინდს თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ახალგაზრდებს შორის კი ლია ლიქოკელი უდავოდ იმედისმომცემი ახალგაზრდაა. მთაში შემოქმედებითი რესურსი არის, მაგრამ ყოფითი რეალობა ძალიან მძიმეა. იქაურობა ხალხისაგან დაიცალა და გაუდაბურდა. ცოტა ხანში ალბათ ტყითა და ჯაგებით დაიფარება მთის სოფლები. ასე მაგალითად, გუდამაყარში, სოფელ დუმაცხოში ერთი კაცი ცხოვრობდა - ჯოყოლა აფციაური, გარდაიცვალა და ის სოფელი ნასოფლარად იქცა, ისევე როგორც ბევრი სხვა. ამიტომაც, მთავრობაში უნდა იყოს ხალხი, ვინც იქ არის გაზრდილი და იცის იქაური პრობლემები, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყველა გამორჩენისთვის მიძვრება. მართალია, იყვნენ მთიელები, რომლებსაც თანამდებობები ეკავათ, მაგრამ იქაურობაზე არ ზრუნავდნენ. რა უნდა მთას? - გზა, ხიდი, ელექტროენერგია და შეღავათიანი გადასახადები. იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მეურნეობებიც აქვთ, ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ ზამთარშიც არ ჩამოვიდნენ ბარში. ხელისუფლებამ ისინი უნდა მოამარაგოს პროდუქტით, რომელიც მთას სჭირდება. რაზმები უნდა შეიქმნას, რომ თიბვაში მიეხმარონ. თუ საქონელი არა ჰყავს, ადამიანი მთაში არ გაჩერდება, წამოვა და ის სოფელიც დაიცლება. უნდა იყოს მაღაზიები, სადაც იქაური გლეხი ხელსაყრელ ფასად ჩააბარებს ხორცს, რძეს, თაფლს, მატყლს. საწარმოები უნდა შეიქმნას, მინერალური წყლებითაა იქაურობა მდიდარი, ხალხს სამსახური და ხელფასიც უნდა ჰქონდეს, მრავალი გზა არსებობს, რომ ეს ხალხი მამაპაპურ მიწაზე როგორმე დავამაგროთ. სკოლები უნდა იყოს, კიტოხის სკოლაში პირველი კლასის მოსწავლე არა ჰყავთ, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ბევრი სოფელია ასეთი. ხალხს იქაც უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, ინტერნეტი და რაც მთავარია, მეურნეობა. ახლა კი რა ხდება? - ჩამოდის ეს საწყალი მთიელი გლეხი, ჩამოაქვს ერბო, ყველი, კარაქი და კაპიკებად აბარებს გადამყიდველს. მერე ეს ყველი და ერბო ათი კაცის ხელში გაივლის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს. უნდა იყოს მაღაზიები, სადაც გლეხი თავის ნაშრომს ჩამოიტანს და გაყიდის. მთავრობამ ეს უნდა მოაგვაროს, თორემ მთას ვერ ვუშველით, და თუ მთა ძლიერი იქნება, მაშინ ბარსაც ეშველება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)