პინოქიოს უსინდისობის პირდაპირპროპორციულად ეზრდებოდა ცხვირი, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ესთეტიკური მედიცინის ცენტრი და პლასტიკური ქირურგია, ახლა არსებობს...
ხის თოჯინასაც ჰყავდა სინდისი, თუნდაც გალიაში გამომწყვდეული, მაგრამ ჩვენი გალია ან ძალიან ბინძურია, ან - ცარიელი.
ალბათ, უფრო დავაფასებდით საკუთარ მკერდს, თუ დავფიქრდებოდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მას უმანკო ჩვილის ბაგე უნდა დაეწაფოს... მაშინ, ალბათ, დაგვენანებოდა კერტები სხვის დასასრესად და ქალაქში გასამზიურებლად... ეს ერთი მხრივ...
მეორე მხრივ კი, რა მოხდა? უკვე ხომ დიდი ხანია, გაჩნდა თეორია (და პრაქტიკაც) ლიბიდოს შესახებ... სექსუალურმა რევოლუციამაც ჩაიარა და ჩვენც ევროაზიელები გვქვია...
უმანკოება ხომ ხორცის კი არა, სულის თვისებაა, მაგრამ დღეს ადამიანის მნიშვნელობა დაიყვანეს იმდენად ცხოველურ დონეზე, რომ სულის მთავარი თვისებები არათუ ჩრდილშია, სასაცილოდაც გაგვიხადეს...
მერე ტანზე გავიხადეთ ჯერ ერთთან, მერე მეორესთან და ა.შ. დანაშაულის შეგრძნების ასაცილებლად მივიღეთ ტერმინები: "გირლ (და "ბოი") ფრენდი", ავლაპარაკდით ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, წამოვწიეთ წინ და გავიხადეთ მმართველ ძალად ინსტინქტები. ჩვენს წელს ქვევით ბელადს გადაეცა სადავეები და არ თქვათ, რომ - არა!
თავშეუკავებლობა თავისუფლებად მოინათლა და ქალწულობა -ავადმყოფობად. ჯერ ტრადიციები დაიცინა, მერე - რელიგია... ბუნებრივია, ამას ხავერდის სქელი სარჩული ედო და ის საქალწულე აპკზე ძლიერი აღმოჩნდა. მაინტერესებს, რა უნდა დაკარგოს ადამიანმა პატიოსნების მერე?
რა ითვლება სისუფთავედ, თუ არა ხელშეუხებელი მკერდი?!
"სულის სიმფონიის ბოლო აკორდი" - სექსი... სულის სიმფონია კი იმდენად სრულყოფილია, რომ ღმერთს ჰგავს და მასთანვე მიდის... სხვა შემთხვევაში? - აქტი თოჯინების თეატრს ჰგავს...