ექიმები იმ პროფესიის ადამიანები არიან, რომლებსაც, ახირებული და უცნაური პაციენტების წყალობით, თავგადასავლები ნამდვილად არ აკლიათ, განსაკუთრებით კი სასწრაფო დახმარების ექიმებს. მათ "ყველა სიახლეს" სწორედ რამდენიმე ასეთი თავგადასავლის შესახებ უამბეს.
ლელა: თავგადასავლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ზოგ ამბავზე იმ მომენტში ძალიან ბრაზდები, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, უნდა მოითმინო. ერთ გამოძახებაზე კართან მოხუცი ქალბატონი დაგვხვდა, ხუთლარიანი მოგვაწოდა და ძალზე კატეგორიულად მაღაზიიდან ზეთისა და პურის ამოტანა "გვიბრძანა". ერთხელ კი სამი დღის გარდაცვლილის გასასინჯად გამოგვიძახეს - ტუჩები ვარდისფერი აქვს, შეიძლება ცოცხალია და გასინჯეთო. არადა, ადამიანი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა და მისი სიკვდილი ოფიციალურად იყო დადასტურებული.
ლალი: ერთხელ დარეკეს, ფეხში დაჭრილი გვყავს და ჩქარა მოდითო. სასწრაფოდ გავემართეთ, ადგილზე მისულებს კი გვითხრეს, გაიქცა და დაედევნეთო. ვიფიქრეთ, რომ ჩხუბში დაიჭრა ვინმე და პოლიციისგან დამალვას ცდილობდა. თურმე ძაღლი დაჭრილა ფეხში. მოკლედ, ძაღლის დასაჭერად და სამკურნალოდ გამოგვიძახეს.
ნატა: ჩვენ კი ერთხელ კურდღლის სამკურნალოდ გამოგვიძახეს. მოკლედ, ათასგვარი მიზეზის გამო რეკავენ. შარშან ახალი წლის ღამეს მორიგეობამ მომიწია. თორმეტს აკლდა წუთები, პაციენტის ზარი რომ შემოვიდა. მითითებულ მისამართზე მარტოხელა მოხუცი დაგვხვდა - ახალი წლის მარტო გატარება არ მინდოდა და ჩემთან ერთად შეხვდით ახალ წელსო. ძალით შეგვიყვანა სახლში. არადა, მაგ დროს იმდენი ავარია ხდება და იმდენ ადამიანს სჭირდება დახმარება... ყოფილა შემთხვევა, როცა მისამართი შეგვშლია და სხვა მისამართზე მისულები იქვე დავუტოვებივართ. ერთხელ დიდი დიღმის მაგივრად, შეცდომით დიღმის მასივი ჩაგვაწერინეს. მითითებულ მისამართზე შუახნის ქალბატონი დაგვხვდა. რომ დაგვინახა - უი, ბარემ მოსულები ხართ, წნევა გამიზომეთ და თან მელაპარაკეთ, ვინმესთან ლაპარაკი მინდაო. სამწუხაროდ, საუბრის მიზნით ხშირად გვიძახებენ მარტოხელა მოხუცები. ვერაფრით ვაგებინებთ, რომ ფსიქოლოგები არ ვართ და მათთან ლაპარაკი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ერთმა ისიც კი გვითხრა, ექიმებს რომ გიყურებთ, ვმშვიდდებიო.
ნინო: ერთხელ იმისთვის გამოგვიძახეს, ხუთი წლის გაღიზიანებული ბავშვი დაამშვიდეთო. ბავშვს ნაყინი მოუთხოვია, მშობლებმა ვერ უყიდეს და ამაზე მთელი სცენები დადგა. დაიწყო ტირილი, გაბრაზებულმა თავისი საწოლი აწეწა და მშობლებს ათასი რამის ყიდვა მოსთხოვა. მათ კი ჩათვალეს, რომ ბავშვს ნერვიული შეტევა ჰქონდა და ნევროპათოლოგის მაგივრად სასწრაფოს დაურეკეს. არის შემთხვევები, როცა წინასწარ გვიძახებენ. ერთხელ დედამ დაგვირეკა - ჩემს შვილს სიცხე აქვსო. მივედით და სიცხიანი პაციენტი არ დაგვხვდა. თურმე ლილოს ბაზრობიდან დაურეკავს დედისთვის - ეს ორი დღე სიცხე მქონდა და შინ ადრე მოვალო. ქალბატონმა კი შვილის მისვლამდე სასწრაფო გამოიძახა - რომ მოვა, ექიმებს დავახვედრებო.
თამუნა: რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ სტაჟიორი ვიყავი, ახალგაზრდა მამაკაც ექიმთან ერთად მომიხდა გამოძახებაზე წასვლა. შუახნის მარტოხელა ქალბატონს ნერვიული აშლილობა ჰქონდა. მანქანაში რაღაც დაგვრჩა და მის ამოსატანად ჩავედი, ექიმმა კი მისი გასინჯვა დაიწყო. როგორც კი გარეთ გავედი, ექიმის ყვირილი შემომესმა - თამუნა, მიშველეო. შევედი და რას ვხედავ: ეს ქალბატონი ჩვენს ექიმს ხელებში ჩაფრენია და საწოლში ითრევს, ხელებს ვერაფრით აშვებინებდა.
ნათია: ერთხელ ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონის სახლში მივედით (სახელს შეგნებულად არ დავასახელებ). ქალბატონები რომ დაგვინახა, უკმაყოფილომ გამოგვიშვა. წნევაც არ გაგვასინჯინა. საერთოდ არ გაგვიკარა. წადით ახლავე და მამაკაცი ექიმები მოვიდნენო.
პირველი სასწრაფო
მსოფლიოში პირველი სასწრაფო დახმარების სადგური ვენაში 1883 წლის 1-ელ მაისს დაარსდა. ოფიციალურად მას ვენის სამაშველო სამსახური ერქვა. ამას ბიძგი მისცა ვენის თეატრში 1881 წლის 8 დეკემბერს გაჩენილმა ხანძარმა, რომელსაც 500-მდე ადამიანი შეეწირა. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ დაიღუპა, რომ მათ დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)