თამრიკო ჭოხონელიძე შესანიშნავი დიასახლისი და კარგი კულინარი გახლავთ. მიაჩნია, რომ ქალი სამზარეულოში ფუსფუსსაც შემოქმედებითად უნდა უდგებოდეს და ფანტაზიის წყალობით ნაირ-ნაირ, გემრიელ კერძს საკმაოდ მოკლე დროში ამზადებდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვეგეტარიანელია, ცდილობს, ოჯახის წევრებისთვის ხორციანი სადილები ისეთივე სიყვარულით გააკეთოს, როგორც სხვა დანარჩენი და მათგან შექებასაც იმსახურებს. ქალბატონი თამრიკო თავის კულინარიულ გამოცდილებას გვიზიარებს და იოლად მოსამზადებელი კერძების რეცეპტებსაც გვთავაზობს.
"მე ვეგეტარიანელი ვარ"
- მე რომ ადამიანი შემომხედავს, ჩემი კომპლექციიდან გამომდინარე, ვერ იტყვის, რომ შეიძლება რაიმე არ მომწონდეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ვეგეტარიანელი ვარ - ხორცს საერთოდ არ გეახლებით. თუმცა, ოჯახის წევრებისთვის, რა თქმა უნდა, ვამზადებ და ხელი ისე მაქვს გაწაფული, მეუბნებიან, შენს კერძებს მარილიც კი არ აკლიაო. ხორცთან ჩემს დამოკიდებულებაზე ნაკლებად ვლაპარაკობ ხოლმე, რადგან არ მინდა, სხვას შეეზიზღოს და ჩემ გამო ბავშვებს იმას ვერ მოვაკლებ, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია. მე სუნიც კი მაღიზიანებს და ვცდილობ, არ გავაცნობიერო, რას ვაკეთებ, თორემ თუ გონებაც ჩავრთე, უფრო მეტად მიჭირს... ყველაზე მეტად თევზეული და სოკო მიყვარს, მათგან ნაირ-ნაირ კერძს ჩემი ფანტაზიით ვიგონებ.
სხვადასხვა კერძი ერთი ინგრედიენტით
- სამარხვო დღეებში ჩემს სტიქიაში ვარ, ეს უკვე ჩემი სფეროა და როცა ხანგრძლივი მარხვაა, ვცდილობ, ისეთი საჭმელები გავაკეთო, რომელიც ყველას მოეწონება. მე უბრალოდ შემწვარ ბადრიჯანს, კარტოფილს ან სოკოსაც სიამოვნებით მივირთმევდი, მაგრამ სასარგებლო არ არის, თანაც - კალორიულია. ერთი და იმავე ინგრედიენტებით სწრაფად და იოლად მოსამზადებელ რამდენიმე კერძს ვამზადებ, თანაც მაშინ, როდესაც ყველა იძინებს ანუ წინაღამეს, რადგან დღისით ამისთვის აღარ მცალია. მთელი დღის განმავლობაში დრო სამზარეულოში დახარჯო და მერე საქმე ვეღარ გააკეთო, არ გამოვა...
მაგალითად, ბადრიჯნისგან - აჯაფსანდალს, ასევე, ე.წ. "გადაკეცილ" და "შესუნელებულ" ბადრიჯანს ვამზადებ, რომელსაც ვამატებ ნიგოზს, სუნელებს, ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, ქინძსა და მარილს. ოღონდ ვცდილობ, ნიგოზი ცოტა გამოვიყენო, რადგან ნაკლებად სასარგებლოა და იმ ადამიანებს, ვინც მას ხშირად მოიხმარს, ვურჩევდი და ვთხოვდი, რომ ნიგოზთან არავითან შემთხვევაში არ გამოიყენონ ძმარი. ერთმანეთში არ აურიონ. პირდაპირ სიმსივნური უჯრედების გამღვივებელია და ამის გაკეთება არ შეიძლება. ამაზე არაერთი სტატია დაიწერა და ჩემი ოჯახიც მივაჩვიე.
4-5 თავი ხახვი მოშუშეთ და დაამატეთ 5-6 ცალი დიდი ზომის, კუბებად დაჭრილი ბადრიჯანი. თუ კანგაცლილია, უფრო მალე იშუშება. ჩაამატეთ 5-6 კბილი ნიორი, პილპილი, მარილი და სამარხვო მაიონეზი. სხვათა შორის, სოკოს ჰგავს. არასამარხვო დღეებში ათქვეფილი კვერცხიც შეგიძლიათ მოასხათ.
წვნიანები
- სხვათა შორის, ძალიან მომწონს ჭარხლის "ბორშჩი", რომელიც ძალიან სასარგებლოა. ბევრს არ უყვარს კომბოსტოიანი წვნიანი და ბავშვობისას მისი ჭამა ჩემთვის ტანჯვა იყო. ამიტომ, ახლა ასეთნაირად ვაკეთებ: სულ ცოტა ცივ წყალსა და ზეთში მოვშუშოთ წვრილად გახეხილი ჭარხალი, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ჩვეულებრივი ან მწვანე ხახვი და როგორც კი ოდნავ ჩაიშუშება, დავასხათ ცალკე ადუღებული წყალი, რადგან ბოსტნეულის დიდხანს ხარშვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ყველანაირ სასარგებლო თვისებას კარგავს. ბოლოს წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, მწვანილი და მარილიც ჩავაყაროთ. ზოგი მაიონეზს ან არაჟანსაც ამატებს. ძალიან მსუბუქია და ბავშვებსაც ვაჭმევ ხოლმე. ცივიც კი გემრიელია.
სოკოს წვნიანი
- სოკოს წვნიანი იოლი გასაკეთებელია და გემრიელი. ქამა სოკო დავჭრათ, კარგად მოვხარშოთ (ნახევარ კგ სოკოს 2 ლიტრამდე წყალი დავასხათ) და მასთან ერთად, რამდენიმე თავი მთლიანი ხახვი ჩავდოთ. როცა ხახვი შერბილდება, ამოვიღოთ და ნახარშს ფქვილი "მოვუკიდოთ". პურის ფქვილი ცოტა მარილთან ერთად, ცალკე, დაახლოებით ნახევარი ჩაის ჭიქა ცივ წყალში გავხსნათ და შემდეგ, მთლიანი მასა 5 წუთით წამოვადუღოთ. პილპილსა და მარილს გემოვნებით დავამატებთ და კერძი მზადაა. სხვათა შორის, თეფშებზე გადაღებისას შეგვიძლია მასში ორცხობილას პატარა "კუბიკები" ჩავიყაროთ. არასამარხვო დღეებში ამ ყველაფერს რძეს ან ნაღებს თუ დავამატებთ, უფრო აგემრიელებს.
ბრინჯის სალათა
- ბრინჯისგან ბევრნაირი გემრიელი და სამარხვო კერძის მომზადება შეიძლება. სასურველია, ხარისხიანი იყოს, რომ არ ჩაფლავდეს. როდესაც მარილიან წყალში მოვხარშავთ და ცივ წყალს გადავავლებთ, ცალკე მზად უნდა გვქონდეს წვრილად დაჭრილი 2-3 ცალი სტაფილო (მაგალითად, ნახევარ კგ ბრინჯზე), 3-3 ცალი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი. გაზზე დავდგათ, ქვაბში ან ტაფაზე ძალიან ცოტა ზეთი დავასხათ, რომ ძირზე არ მიიწვას და ბრინჯს ოდნავ ორთქლი რომ აუვა, ეს ყველაფერი ჩავყაროთ. მერე უკვე ცეცხლი აღარ უნდა.
კომბოსტოს სალათა
- ძალიან მიყვარს კომბოსტოს სალათა, სასარგებლოა - ცხიმს წვავს და მასში ბევრი ისეთი ვიტამინია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია. წვრილად დავჭრათ კომბოსტო, ბროკოლი, ხახვი, ცოტა ქინძი და კამა, ბოლოს კი - მაიონეზი, მარილი და პილპილი დავუმატოთ. ორცხობილის "კუბიკები" ამ სალათასაც ძალიან უხდება.
ზღვის პროდუქტების "შაურმა"
- მიდიები და რვაფეხები ძალიან მიყვარს, უგემრიელესია, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა და საკუთარი თავისთვის, ცოტა არ იყოს, მენანება ხოლმე. ერთი ვარიანტი მაქვს, რომელიც სწრაფად კეთდება, მოსახერხებელია და "შაურმას" ჰგავს. სომხური ლავაშით ვაკეთებ. როცა მიდიები და რვაფეხები ერთად მოიხარშება, წვრილად დავჭრათ, ხახვთან ერთად მოვშუშოთ და 2-3 კბილი ნიორი, მაიონეზი, შავი პილპილი და მარილი დავუმატოთ. ცალკე ვამზადებ ლავაშს, რომელზეც ვდებ კარგად გამშრალ რამდენიმე ცალ სალათის ფურცელს, რომ ლავაში არ დასველდეს, ამ მასას ზემოდან ვათავსებ, მერე ისევ სალათის ფურცელს ვადებ, გადავახვევ და 1-2 წუთით ძალიან ცხელ ტაფაზე ვდებ, ჯერ ერთ მხარეს, მერე - მეორე. უგემრიელესი გამოდის და ეს შიგთავსი, უბრალოდ სალათის სახითაც შეგიძლიათ მიირთვათ.
- ამ ყველაფერს თავად იგონებთ?
- კი, ვერ ვიტან დოგმებს, კონკრეტულ რეცეპტებს და ყველაფერს ჩემებურად რაღაცებს ვამატებ. ქალი ყველაფერს შემოქმედებითად უნდა უდგებოდეს და მისთვის სამზარეულოში ფუსფუსიც საინტერესო უნდა იყოს. ნაძალადევად რამეს კეთება აუტანელია. მაგალითად მე, რესტორნები დიდად არ მიყვარს და როდესაც რაღაც დღეობები გვაქვს, მირჩევნია, კერძები მე თვითონ მოვამზადო, რადგან როცა სტუმარს შენი ხელით მომზადებულ კერძს მიართმევ, თანაც თუ მოგიწონებს კიდეც, სულ სხვაა, სიყვარულით აკეთებ და სიყვარულითვე უმასპინძლდები. ერთი თვისება მაქვს, არ მიყვარს, როდესაც ვინმეს რეცეპტს ვთხოვ, ეტყობა, ჩემი კულინარიული ამბიციებიდან გამომდინარე, სურვილი მიჩნდება, მე თვითონ გამოვიცნო, რაში რა შემადგენლობაა და როგორაა გაკეთებული.
"კუბდარი" თევზით
- თითო ფხაგაცლილ კალმახს (ან სხვა თევზს) თითო დიდი თავი ხახვი და ერთი დიდი კონა ქინძი დავუმატოთ. ცალკე გავაკეთოთ მასა - აჯიკა, ტომატი, მარილი და შავი პილპილი. ამ ყველაფერს დაახლოებით 100 გრამ წყალში ვურევ და ცოტა ზეთს ვამატებ. შემდეგ, როგორც მხალს, ისე ვურევ და უგემრიელესი გამოდის. ფაქტობრივად, თევზის მხალიცაა და ამავდროულად, მისი ჩადება ცომშიც შეგვიძლია. ოღონდ მე ფენოვან ცომში ვდებ, უფრო მსუბუქია და ღუმელში ვაცხობ. მოკლედ, თუ ამის გაკეთებას ცდით, დარწმუნდებით, რომ მართლაც გემრიელია და გამიხსენებთ.
კულინარია და ოჯახური იდილია
- ის, რომ ზოგიერთ ქალბატონს სამზარეულოში ფუსფუსი არაელიტურად მიაჩნია, ვფიქრობ, არასწორია. ამაზე სულ ვხუმრობ ხოლმე, ბოდიში, თქვენს მამა-პაპას ხომ სულ მარკეტებში სიარულში ამოხდათ სული-მეთქი (იცინის). ყველას წინაპარი აკეთებდა სადილს და თუ ვინმეს ჰგონია, საჭმლის გაკეთება რომ არ იცის, ეს ელიტურობის გამომხატველია, ძალიან ცდება. ეს ძალიან სამარცხვინოა, უნიჭობაა. ქალს სამზარეულოც ამშვენებს, თუ ამას შემოქმედებითად მიუდგება. ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომ რესტორნებში ხშირად სიარულს, ჯობია მეუღლეებს მათთვის საყვარელი კერძები მოუმზადონ და ნახავენ, რომ მათ ოჯახში გაცილებით მეტი სიტკბო და იდილია დაისადგურებს.
- თქვენი შვილი - მარიამი როგორი დიასახლისია?
- ჩემგან განსხვავებით, კერძების მომზადება ნაკლებად უყვარს, მაგრამ ჯერჯერობით არც დასჭირვებია, რადგან მეუღლესა და ბავშვთან ერთად, ამჟამად ჩემთან ცხოვრობს და ყველაფერი მზამზარეული აქვს. როცა უჩემოდ ცხოვრება მოუწევს, ზუსტად ვიცი, რომ გააკეთებს, რადგან ამის თეორიული მზაობა არსებობს. თუმცა რაღაც-რაღაცები ახლაც იცის. სხვათა შორის, ჩემს რძალს - ანის, კოკოს მეუღლეს, კულინარიის მიმართ უფრო მეტი ინტერესი აქვს და ხშირად მეკითხება, რა როგორ გავაკეთოო. თავზე დამადგება ხოლმე, უყურებს, იმახსოვრებს და თავის სახლშიც აკეთებს. ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან იქ, სადაც ქალი სამზარეულოში "ტრიალებს", სტუმარი არასოდეს გამოილევა, თუ სტუმარი ბევრია, ესე იგი, არსებობს კერა, ადგილი, სადაც ადამიანს მიესვლება და მიუხარია.
ჭოხონელიძეების ტრადიცია
- ყველა მნიშვნელოვან დღეს ჩვენს სახლში ვიკრიბებით, რადგან ეს მამაჩემის, "ძირი სახლია" და ჩემი დები თავიანთ საქმეებს რომ მოილევენ, აქ მოდიან ხოლმე, ახალი წელი იქნება ეს თუ სხვა დღესასწაული. დისშვილებს განსაკუთრებულად უყვართ აქ შეკრება, ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი კი საგურამოა, იქ მართლაც დიდი ზეიმია ხოლმე, რადგან ზაფხულში სულ ერთად ვართ - სამივე დის ოჯახი, ჩვენი შვილებიანად და მათი მეუღლეებიანად. იმის გამო, რომ ღვთის წყალობით, ბევრნი და სხვადასხვა გემოვნების ხალხი ვართ, სულ სხვადასხვანაირი კერძების მომზადება გვიწევს და ჩვენს შვილებს ვეხუმრებით, ერთნაირი საჭმელი მოითხოვეთ-თქო (იცინის).
უცხოური "გემრიელობები"
- ძალიან მიყვარს ებრაული სამზარეულო და ისრაელში ყოფნისას, დიდ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე. თევზის უამრავი სახეობის კერძი აქვთ, ასევე, კარგი სუნელები და რძის ნაწარმი, რომელზეც მე დიდად არ ვგიჟდები. ჩინურ სამზარეულოში ბევრი გემრიელი და სასარგებლო კერძია და ისეთნაირად ამზადებენ, პროდუქტს საჭირო თვისებებს უნარჩუნებენ. უნგრეთში ნამცხვრები მომეწონა, საოცრად გემრიელია, თანაც კრემიანი, უკრემო არ მიყვარს... ტკბილეულის მუსუსი ვარ, მაგრამ თავს ზედმეტი ფუფუნების უფლებას არ ვაძლევ. ვაღიარებ, რომ რაც ყველაზე მეტად მეზარება, ეს ნამცხვრების ცხობაა. დღეს, მარკეტებსა თუ კაფე-ბარებში უგემრიელესი ტკბილეული იყიდება და ამისთვის სახლში წვალება არ ღირს.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)