ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულუში მდებარე სასაფლაოზე უჩვეულო ინციდენტი მოხდა - საფლავიდან ცოცხალი კაცი ამოვიდა.
თვითმხილველი ბრაზილიელი ქალია, რომელიც ოჯახის წევრის საფლავზე იმყოფებოდა. ქალი საზარელი სანახაობის გამო გაოგნებულია. მისი თქმით, სასაფლაოდან ბრუნდებოდა, როდესაც საფლავიდან მიწა იძრა და კაცის ხმა მოესმა. თვითმხილველის თქმით, ამან ისე დააბნია, რომ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო - რამდენიმე წამში საფლავიდან მამაკაცის თავი და მკლავები გამოჩნდა.
ამის შემხედვარე ქალი კივილით გავარდა სასაფლაოდან, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და პოლიციაში დარეკა. მიუხედავად მცდელობისა, ქალმა ვერ შეძლო სამართალდამცველები მომხდარში დაერწმუნებინა, რის გამოც სასაფლაოს დაცვას მიმართა დახმარებისთვის. ცოცხლად დამარხული ადამიანი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ჩხუბის დროს თავდამსხმელებმა სცემეს, შემდეგ ახლომდებარე სასაფლაოზე წაიყვანეს და ცოცხლად დამარხეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.