ზოგისთვის ეს პრივილეგიაა, ზოგისთვის - სტატუსი, მაგრამ ნებისმიერი ქალისთვის, ალბათ - საოცნებო. იყო პირველი ლედი, ნიშნავს იყო ქალბატონი, რომელიც ყველასთვის მისაბაძია, გახდე საკუთარი ქვეყნის სახე ყველგან და ყოველთვის. მართალია, საქართველო პირველი ქალბატონების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ვინც გვყავდა, მათ გადავავლოთ თვალი.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე ამ ტიტულის მფლობელი 1991 წელს გახდა. მაშინ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბევრი საყვედურობდა, რომ მისი მეუღლე პოლიტიკურ პროცესებში ზედმეტად ერეოდა. არსებული ინფორმაციით, მანანა არჩვაძე ახალგაზრდობაში იმდენად მშვენიერი გარეგნობით გამოირჩეოდა, მოდელობაც კი შესთავაზეს.
ნანული ცაგარეიშვილმა და ედუარდ შევარდნაძემ ერთმანეთი სტალინის მმართველობის ბოლო პერიოდში გაიცნეს, მაშინ შევარდნაძე ჯერ კიდევ კომკავშირის აქტივისტი იყო. ნანულის მამა, რაჟდენ ცაგარეიშვილი, სტალინის მმართველობის დროს დახვრიტეს. ეს ქორწინება ედუარდ შევარდნაძისთვის შეიძლებოდა კარიერის დასასრულადაც კი ქცეულიყო: მას ხომ სამშობლოს მოღალატის შვილი მოჰყავდა ცოლად. ამ მიზეზით დაქორწინებაზე ნანულიმაც უარი უთხრა, თუმცა შევარდნაძე არ შეშინდა და წყვილმა იქორწინა. ნანული შევარდნაძის ცნობილი ფრაზა დღესაც ბევრს ახსოვს: "კარგი დისახლისი თუ ხარ, თვეში რვა ლარადაც უნდა შეძლო ოჯახის შენახვა" (მაშინ პენსია 8 ლარი იყო). 2004 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს უკვე ყოფილი პირველი ქალბატონი გულის შეტევით გარდაიცვალა, ის კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალეს. ედუარდ შევარდნაძემ მეუღლის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა.
სანდრა-ელისაბედ რულოვსი. მომავალ მეუღლეს, მიხეილ სააკაშვილს 1993 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის დროს შეხვდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჰოლანდიელი ქალბატონი საქართველოს პირველი ლედი გახდა. სანდრა რულოვსმა კარგად შეისწავლა ქართული ენა, ზოგიერთ საღამოზე ქართულ და მეგრულ სიმღერებსაც ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ პრესაში გამუდმებით იწერებოდა პრეზიდენტის სუსტი სქესისადმი განსაკუთრებული ინტერესის შესახებ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სანდრა ყურადღებას ამას საერთოდ არ აქცევდა. სანდრა პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდა, თუმცა ყოველთვის ახლდა მეუღლეს უცხოეთში ოფიციალურ ვიზიტებზე. მისმა საქმიანობამ პოლიტიკის გარდა თითქმის ყველა სფერო მოიცვა. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა ექთნად ერთ-ერთ საავადმყოფოში, პროპაგანდას უწევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუმცა კრიტიკას ვერც სანდრა რულოვსი გადაურჩა. პირველი ლედი არასოდეს ყოფილა გამომწვევად ჩაცმული, მაგრამ გემოვნებას მაინც უწუნებდნენ. განსაკუთრებული კრიტიკა აზერბაიჯანში მისმა ვიზიტმა და იმ ფოტოებმა გამოიწვია, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს გვერდს მეუღლეები უმშვენებდნენ. მაშინ პირველი ლედის მოკლე კაბაზე დიდხანს ქილიკობდნენ.
ვინ იქნება მეოთხე პირველი ლედი?
საქართველოს უკვე მეოთხე პრეზიდენტი ჰყავს - გიორგი მარგველაშვილი. თუმცა ჯერ ქვეყანას ოფიციალურად პირველი ლედი არ ჰყავს - მარგველაშვილი მაკა ჩიჩუაზე ოფიციალურად არ არის დაქორწინებული. მაკა ჩიჩუა ყოფილი ვიზაჟისტი და მსახიობია. მისი ბოლო როლი რუსუდან ჭყონიას ფილმში "გაიღიმე", არჩევნების შემდეგ განსაკუთრებულად ყურადღების ცენტრში მოექცა. "მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. ის არის მუსიკოსი; არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან სერიოზული მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; ეს არის ადამიანი, რომელმაც ურთულეს ვითარებაში, როდესაც მე ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ, შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება იყო მშვიდად. დამანახა, რომ მასთან ერთად იოლად გადაიტან სირთულეებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ გვერდით მედგა. შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყვარებული. ეს ძალიან მაღალი ღირებულებაა ჩემთვის", - აცხადებდა მარგველაშვილი რამდენიმე თვის წინ.
ცნობისთვის: ტერმინი "პირველი ლედი" პირველად აშშ-ში 1849 წელს, პრეზიდენტმა ტეილორმა გამოიყენა - მან ასე მოიხსენია მე-4 პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის მეუღლე, დოლი მედისონი. თუმცა ეს "პირველი ლედი" ოფიციალურად 1877 წლის შემდეგ დამკვიდრდა. ჟურნალისტმა მეირ ეიმსმა პრეზიდენტ რუტერფორდ ჰეიზის ინაუგურაციისას, ასე უწოდა პრეზიდენტის მეუღლეს, ლუსი უებ ჰეიზს.
მოამზადა ქეთი საგინაშვილმა
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)