ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ საგანგაშო ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში, დაახლოებით, 900 000 ადამიანი მონასთან გათანაბრებულ პირობებში ცხოვრობს და მუშაობს, მათგან მეოთხედი სექსუალური ექსპლუატაციის, ძალადობის მსხვერპლია. ეს პრობლემა საქართველოსთვისაც აქტუალურია. ამ საკითხზე ტრეფიკინგის ერთ-ერთ მსხვერპლსა და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის ფონდის ხელმძღვანელ მარინე მესხს ვესაუბრებით.
მაია კ: - უსახსრობის გამო საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე. ერთ-ერთ შუამავალ ფირმას დავუკავშირდი, 2.000 ევრო მომთხოვეს, იმის ნებაც დამრთეს, თანხის ნახევარი საბერძნეთში გადამეხადა. ფათერაკებით სავსე გზით, ბოლოს და ბოლოს ქალაქ სალონიკში ჩავედით; ორმა ბერძენმა გამცილებელმა ერთ პატარა სასტუმროში დაგვაბინავა, დოკუმენტები ჩამოგვართვეს - სასტუმროსა და იმ ფირმაში წარსადგენად გვჭირდება, სადაც უნდა იმუშაოთო, პოლიციასთან კონფლიქტი არ გვინდოდა და ხმაური არ ავტეხეთ. იმ ღამით პოლიცია მაინც მოვიდა, მაგრამ ფული მივეცით და განყოფილებაში აღარ გადაგვიყვანეს; დილით ჩვენთან (სამი ახალგაზრდა ქალი ვიყავით) ბერძენი კაცი და ქალი მოვიდნენ, ჩვენ გიყიდეთ 2.000 დოლარად და ახლა ჩვენზე უნდა იმუშაოთო, აღმოჩნდა, რომ გამცილებელმა გაგვყიდა. მერე ოთახში რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, გვცემეს და გვაიძულეს, მათთან სექსუალური ურთიერთობა დაგვემყარებინა, ასე გაგრძელდა სამი თვე, მხოლოდ პურსა და ყავას გვაძლევდნენ. მოგვიანებით ამ სასტუმროდან გამოპარვა მოვახერხეთ, საბერძნეთში ის გშველის, რომ პოლიცია ყველგან ფულს იღებს. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში ბავშვის მომვლელად დავიწყე მუშაობა..
მარინე მესხი: - ამ დანაშაულს სამი სტადია აქვს - მსხვერპლს ჯერ გადაიბირებენ, მოტყუებით ჰპირდებიან, რომ დაასაქმებენ ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ჰპირდებიან მაღალ ანაზღაურებას, შემდეგ მიჰყავთ, არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ გაყვანა, ხშირად ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაჰყავთ ფიზიკური, შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, უცხოეთში ტრეფიკინგი კი დამამძიმებელი გარემოებაა. მესამე ეტაპი კი უკვე გადაყვანილი ადამიანის ექსპლუატაციაა, ამ დროს მიმართავენ ძალადობის სხვადასხვა ფორმას, რომ მსხვერპლი მორჩილებაში ჰყავდეთ - ართმევენ პასპორტს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, უზღუდავენ გადაადგილებას, ემუქრებიან, აშანტაჟებენ, რომ მის რეალურ მდგომარეობაზე ახლობლებს შეატყობინებენ, გაუგზავნიან ფოტო და ვიდეომასალას, ან ოჯახის წევრების მოკვლით, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან... რაც შეეხება შრომით ექსპლუატაციას, არის ფაქტები, როცა მიმღები ოჯახი ბავშვთა სახლიდან წამოყვანილ მოზარდს ფიზიკურად ამუშავებს, ანუ, ფაქტობრივად, მუშახელად აიყვანა, და თუ ბავშვის შრომითი ექსპლუატაციის მიზნით აყვანა დადასტურდა, ეს კანონით ისჯება; არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისათვის გადაბირების გამოყენება აუცილებელი არ არის. სექსუალური ექსპლუატაციის შემზარავი მაგალითია საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში არასრულწლოვანის ტრეფიკინგი საკუთარი დედის მიერ, რომელიც 11 წლის გოგონას 2 წლის განმავლობაში პორნოსურათებს უღებდა, ფოტო და ვიდეოგადაღებაში მონაწილეობას აიძულებდა და ისრაელის მოქალაქე 42 წლის მამაკაცთან ერთად მას ინტერნეტქსელში ათავსებდა, რისთვისაც საფასურს იღებდა. დაზარალებული გოგონა ჩვენი ფონდის თავშესაფარში გადმოიყვანეს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)