ვაჟა-ფშაველა ამბობდა: "მომავალი იმისია, ვინც აწმყოს მიზანშეწონილად ემსახურებაო" -" მოსახლეობა ახალ რეალობას ელის, მიზანშეწონილსა და შედეგიანს. იქნება თუ არა შედეგიანი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შეთავაზება, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე გვესაუბრება:
- ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ციფრები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ყველა ადგილობრივი დონის საარჩევნო კომისიისთვის ბრძანებაა. 50 ათასი კაცი, რომელთა უმრავლესობაც წლების განმავლობაში ადგილობრივ დონეებზე არჩევნებს აყალბებდა, ყივჩაღებივით უცხო ქვეყნიდან კი არ შემოუყვანიათ. ისინი აქ ცხოვრობენ და დღემდე საარჩევნო კომისიის წევრები არიან. პრემიერის მითითება, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისთვის 60% სჭირდებაო, ამომრჩევლის დაშანტაჟებაა!
- ანუ, თქვენი აზრით, წინასაარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს?
- რა თქმა უნდა, კანდიდატები არ არიან თანასწორ გარემოში. ივანიშვილის შარშანდელი განცხადება, რომელიც შუის გაკრეფას ეხებოდა, იმაზე მეტყველებს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან წლისთავზე მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთზე დარჩენა და პოლიტიკურ სივრცეზე დომინირებაა.
- ბეჭდური მედიის რედაქტორებთან შეხვედრისას ივანიშვილმა თქვენზეც ისაუბრა. თარგამაძე მოღალატის ეტალონიაო, რატომ მოგიხსენიათ ასე?
- იმის თქმა, რომ წლებია თარგამაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, არათუ პოლიტიკური შეფასება, არამედ სისხლისსამართლებრივი ბრალდებაა. არ ვაპატიებ პრემიერს, მოუწევს სასამართლოს მეშვეობით ამ სიტყვების განმარტება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა!
ივანიშვილი აღარ არის რიგითი ოპოზიციონერი, პრემიერ-მინისტრია და მისი სიტყვა სახელისუფლებო პასუხისმგებლობით არის დატვირთული. ეს გამონათქვამები პოლიტიკური ოპონენტის დევნის პირდაპირი მუქარის კატეგორიაში გადის.
თუ პრემიერს აქვს მტკიცებულებები, ვალდებულია, პროკურატურას დაავალოს და შეისწავლონ ჩემი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილისწამება პასუხისგებას საჭიროებს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე! ამიტომ ვცდილობ ამ საქმის სასამართლოს გზით გარკვევას, მასზე მინდა უფრო დიდი წარმოდგენა მქონდეს, ვიდრე ჭორიკანაზე. აგერ უკვე მისი პრეზიდენტობის კანდიდატი საჯარო დებატებშიც არ მალავს ძველბიჭურ განწყობას. ვისაც ობიექტური შეფასების უნარი ჯერ კიდევ შერჩენია, აშკარაა, რომ სახეზეა სააკაშვილის ცხრაწლიანი უმძიმესი მმართველობის შემდეგ ახალი ტიპის ავტორიტარული ტენდენციები.
- საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს, რა როლი ჰქონდა ტელეკომპანია "იმედის" დახურვისას გიორგი თარგამაძეს?
- გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ გიპასუხებთ. ამ ტელევიზიას ჩემი ცოლი ჩემს მესამე შვილს ეძახდა. არსებობს ბინძური ჭორი, თითქოს ხელი შევუწყვე არხის დახურვას. როგორ შეიძლება, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ის დაანგრიო?!
- კომპრომატებს წინა ხელისუფლება ყველაზე აგროვებდა, განსაკუთრებით, ისეთ გავლენიან პირებზე, როგორიც თქვენ ხართ.
- სად არის ეს კომპრომატები? "იმედმა" ჩემი უშუალო მონაწილეობით გამოიძია იმ დროს გახმაურებული საქმეები. ეს გადიოდა "დროებასა" და საინფორმაციო გადაცემებში. ყველაფერ ამას მე ვაკეთებდი! რაიმე ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს ამ ბრალდებაში?