ჩინეთში შიდსით დაავადებული ადამიანები საჯარო აბანოებსა და სპა-სალონებში ვერ შევლენ.
ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად უკვე მოსთხოვა მსგავსი დაწესებულების ხელმძღვანელებს, რომ შენობის შესასვლელთან შემდეგი შინაარსის აბრები განათავსონ: "კანის ინფექციებითა და შიდსით დაავადებული ადამიანები არ დაიშვებიან". საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ინიციატივა დაგმო და განაცხადა, რომ ეს დისკრიმინაციაა.
თავად ჩინელებს ეს გადაწყვეტილება არ აკვირვებთ, რადგანაც აივ-ინფიცირებული ადამიანთა დიდი ნაწილი აქ უმუშევარი რჩება. ჩინეთში ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი თანამშრომელი შიდსითაა დაავადებული, უფლება აქვს, ის სამსახურიდან დაითხოვოს.
ჩინეთში შიდსით დაავადებული ადამიანების დისკრიმინაცია ჩვეული ამბავია. 2010 წელს ქვეყანაში აივ-ინფიცირებულ ტურისტთა შესვლა აიკრძალა, მათ სამსახურში არავინ ასაქმებს, ზოგიერთ პროვინციაში მათ მასწავლებლად მუშაობის უფლება არ აქვთ.ჩინეთში შიდსით ინფიცირებული 780 000 ადამიანი ცხოვრობს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.