გახსოვთ ალბათ "მარიო" - წლების წინანდელი ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული თამაშის დატანჯული გმირი, ეტაპიდან ეტაპზე დიდი ვაი-ვაგლახით რომ გადადიოდა და უფრო და უფრო დიდ სირთულეებს უმკლავდებოდა... არასოდეს მითამაშია,მხოლოდ თვალი მომიკრავს რამდენჯერმე.. ახლა ვნანობ, რომ არ ვისურვე, ერთხელ მაინც მეთამაშა მარიოსთან ერთად - ის გამოცდილება აუცილებლად, აუცილებლად გამომადგებოდა თბილისის ქუჩებში ახლა - როცა შევცდი და საჭესთან დავჯექი...
მახსოვს, ყვითელი მარშურტკებით, მაშინ რომ "ოქროს სარაია" ვუწოდე, გაწამებულმა როგორ ერთი ამოსუნთქვით დავწერე ჩემსავით გაწამებული თბილისელი მგზავრების გასაჭირზე. ვხვდები, რომ სულ ტყუილად ვუყურებდი "მარშრუტკიდან" სევდიანი თვალებით გვერდით მიმავალი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს...
მოკლედ, ერთ წვიმიან დილას, ქვაფენილიან დაღმართზე სამსახურისკენ ფეხით მიმავალი, თეთრ მაისურში გამოწყობილი, ქვაფენილზე მიმქროლავი მანქანის მიერ აღელვებული გუბის წყლით რომ თავიდან ფეხებამდე გავიწუწე, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად შევიძენდი მანქანას და თუ შურს არ ვიძიებდი (ან ვისზე?), ასეთ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდებოდი არასდროს. ჩემს თავს პირობა შევუსრულე და ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი საჭესთან თბილისის ქუჩებში. და აი, სწორედ იქ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი, მოულოდნელობებით სავსედა როგორც ვხვდები, დაუსრულებელი სიურპრიზი. თავიდან დავეჭვდი - მანქანა ვიყიდე თუ გემი მეთქი - ისეთი ტალღების გადავლა მიწევდა. მაგრამ რადგან ეს ტალღები არ ღელავდა, მივხვდი, რომ მანქანით ვმოძრაობდი, უბრალოდ, ეს რაღაც უცნაური, დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსთვის უცნობი ტექნოლოგიით დაგებული ასფალტის ბრალი იყო.
ჰო, რაც შეეხება "მარიოს" - მის ეტაპებთან აქვს ბევრი საერთო და ასევე ბევრი განსხვავება თბილისის ქუჩების ეტაპებს - რაც უფრო შორდები საწყისს, ანუ ქალაქის ცენტრს, მით უფრო რთულდება დაბრკოლებები. განსხვავება კი ის არის, რომ თუ შემთხვევით გავლილ ეტაპზე ისევ მოხვდი, იქ შესაძლოა, ახალი სირთულე - ამოუცნობი წარმოშობის ორმო ან ახალი ტალღა (არა მუსიკალური ფესტივალი, რა თქმა უნდა) დაგხვდეს და სულაც არ გამოგადგება წინა დღის გამოცდილება. აი, მაგლითად, გზაზე, რომელსაც ყოველ საღამოს გავდივარ, გუშინ საღამოს, ისეთი მოულოდნელი საჩუქარი დამხვდა მოზრდილი ორმოს სახით, რომ ცხოვრებაში პირველად შევიგინე ბოლომდე...და საერთოდაც პირველად შევიგინე...
თუმცა, ვატყობ, თბილისის გზები საკუთარ თავთან კონტაქტში და აზროვნებაში ეხმარება ადამიანს, მით უფრო,როცა, მანქანაში მარტოა.
"გზები დააგეთ, არააა? მაღალი ხარისხის და მაგარი გზები, არააა? რამდენი მოტეხეთ მაგალითად, ამ ორმოში?იქნებ, სანამ ასფალტს გადააგებდით ხალიჩასავით, მანამდე რამე სხვა გექნათ?" , - რა თქმა უნდა, მხარს მიბამს ჩემი მეორე მე და ერთად ვცდილობთ ჩვენი მანქანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, თუმცა, სადაა ეს სამშვიდობო, ჯერ ვერ მივაგენით.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკვე გავლილი ეტაპები მხოლოდ უარესობისკენ არ იცვლება ხოლმე. აი, მაგალითად, შეიძლება, გუშინდელ ორმოზე დღეს ახალმიწაყრილი საფლავივით შავი და ამოზნექილი ასფალტი დაგიხვდეს. იქნებ, დადგეს დრო, როცა ყველა ორმოს ასეთი საფლავი ექნება, მაგრამ ბრძოლა ჯერჯერობით ორმოების უპირატესობით მიმდინარეობს.
მახსოვს, რეზერვისტობაზე ვდებდი თავს. ახლა უფრო გაბედულად შემიძლია, ეს განვაცხადო. მძღოლს, რომელიც თბილისის გზებზე თუნდაც ორიოდე თვე ავარიის გარეშე ივლის, მიწისქვეშა გადასასვლელების თავზე ქათამივით მობორიალე ქვეითს ფეხზეც არ გადაუვლის, თბილისელი მძღოლების ამოუხსნელ ლოგიკას ჩასწვდება, თავისუფლად შეიძლება ანდო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალება.
მაქვს ასევე იდეა - შემოვიღოთ ავტომობილების ტექდათავლიერება, რომელიც დაადგენს, რამდენ ხანს დადის ობიექტი თბილისში განსაკუთრებული დაზიანების გარეშე და თუ მას მინიმუმ ერთწლიანი უვნებელი გამოცდილება დაუმტკიცდა, მიენიჭოს საბრძოლო ტექნიკის კვალიფიკაცია და ასევე იქნას გამოყენებული რეზერვის ამოცანების შესრულებისას.
ცალკე ქვეთავს იმსახურებს მძღოლების, განსაკუთრებით კი ავტობუსების, მარშუტკების, ტაქსებისა და დიიიდი ჯიპების მძღოლების მოძრაობის სრულიად არაორდინალური და ორიგინალური წესები. ავტობუსების შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი "კლიენტი ყოველთვის მართალია", ანუ "შენი გზაც ავტობუსის გზაა". არ არსებობს იმდენად 100%-იანი შენი უპირატესობა, სადაც ავტობუსი ამ უპირატესობას აღიარებს.
მარშუტკის მოძრაობის ტრაექტორიით კი შეგიძლია, მიხვდე, სად დაიკივლა მესამედ პირველი ორი დაძახილ ისარგაგებით გადარეულმა მგზავრმა: "გააჩერეეეეთ!" - მესამე ზოლიდან პირდაპირ პირველ ზოლში გაიყინება ამ დროს ეს "ყვითელი სარაია" (ნოსტალგია შემომაწვა).
ტაქსი ისეთი სტიქიური მოვლენაა, რომელსაც უბრალოდ, უნდა დანებდე, აზრი არ აქვს გაბრაზებასაც კი. ის ისევე უნდა მიიღო, როგორც მზე, რომელიც საჭესთან მჯდომს თვალებში გაჭყიტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის გამო დილის 9 საათზე არ ჩავა. მოკლედ, ტაქსს თავისი გზა აქვს გასავლელი და შენი გზა მისას უნდა მოარგო.
და ჩამოთვლილებზე არანაკლებ საინტერესო კატეგორია - დიიიიდი ჯიპები. ისინი ყველაზე, ყველაზე მაგარი ტიპები არიან და შენ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დადიხარ, რომ მათ თავისი მაგარი ტიპობის დემონსტრირებისთვის საჭირო პირობები შეუქმნა, სხვა ფუნქცია არ გაქვს...
არა, პატრულზეც რომ არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა, უეჭველი გავანაწყენებ. ხომ საყოველთაოდაა ცნობილი, როგორ არ დაიზარებს ჩვენი საგზაო პატრულის არც ერთი ეკიპაჟი უწესივრობა (აქ უფრო უწესრიგობა უნდა მეთქვა, მაგრამ ვგიჟდები ამ სიტყვაზე) რეაგირებას და სოლიდური ჯარიმის გამოწერით ბიუჯეტის შევსებას, მაგრამ ზოგჯერ ისინიც იღლებიან.. ერთ არც თუ ისე მშვენიერ დილას, დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით მიმავალ კოლონაში მოძრავს დაჯახების ხმა შემომესმა."აუ, ვიღაცას დაარტყ"... ვერ დავასრულე ფიქრი, რომ ჩემს პატარა პიპიკას (ასე ვეძახით ოჯახში) უკნიდან ისეთი ხმაურით შემოასკდა რაღაც, რომ ლამის საჭე ხელიდან გამივარდა. ჩავრთე ავარიულები და გადმოვედი მანქანიდან გულგახეთქილი - ჯერ ჩემი გამოცდილების მხოლოდ მეორე კვირა იყო. ჩემს უკან ორი მანქანა იყო გაჩერებული აი, ისეთი მძღოლებით, დღეში რამდენჯერმე გაბრაზებულები რომ ამბობენ - "ქალია საჭესთან, აბა, სხვა ვინ იზამდა ამას?!".მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემატყვეს, რომ გულგახეთქილი და დაბნეული ვიყავი და გულმოწყალედ მირჩიეს, ყველამ ჩვენს მანქანებს მივხედოთო.
გამოუცდელი თვალით ჩემს მანქანას დაზიანების მხოლოდ 20% შევატყვე, ხელი ჩავიქნიე და საჭესკენ წავედი. ამ დროს პატრულის ეკიპაჟი მოგვიახლოვდა იმდენად ახლოს, რომ მანქანაში მსხდომების ჩინის გარჩევაც კი შესაძლებელი იყო და ამ შუა ტრასაზე გაჩერებულ, ავარიულად აციმციმებულ სამ მანქანას ცოტა გაბრაზებულმა შემოგვძახა - "იმოძრავეთ დროზე". აი, იქ კიდევ ერთხელ გავესაუბრე ჩემს თავს, ოღონდ ამჯერად არა გზების დამგების, არამედ "ყურადღებიანი პატრულის" სიკეთეებზე.
და ბოლოს, ჩემი საყვარელი ქვეითები. მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე, ორ ბავშვზე ხელჩაკიდებული ქალი რომ გადადის, მინდა ხოლმე, ვუთხრა, რომ ჩაიყვანოს ბავშვები მიწისქვეშა გადასასვლელში და გააცნოს ეს ოცდამეერთე საუკუნის მიღწევა და საოცრება, მაგრამ ვხვდები, რომ აქ გაჩერება არ მარგებს და იძულებული ვარ, მხოლოდ მუდარაშერეული სიგნალით შემოვიფარგლო.
მოკლედ, ჩემო კარგებო, "მარშუტკების" მგზავრებო, ნუ იფიქრებთ, რომ რაიმენაირად უკეთეს დღეში ვართ. არამც და არამც. მეტიც, გადავწყვიტე, დრო და დრო გავიხსენო "ჩახუტებული წარსული" და კვირაში ერთი დღე მაინც "მარშრუტკით" წამოვიდე სამსახურში.
მანანა მჭედლიშვილი
ასევე იხილეთ: რა დროს "მარშუტკაა", ანუ მეც ვარ ჩემი ქვეყნის რეზერვი