რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა

რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტმა - ნუკა გვალიამ პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი დღეს პატარის მოლოდინშია... ნუკას ესა თუ ის საქციელი ბევრჯერ გამხდარა საზოგადოების ნაწილის განსჯის საგანი: ზოგს მისი ტატუ არ მოსწონდა, ზოგს - სოციალურ ქსელში (პირად გვერდზე) მისი "პოსტები" და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მომღერლის ჰობი იარაღი და სროლა ნამდვილად არ არის, როგორც ეს ბევრს ეგონა: მგრძნობიარე გოგონას ხატვა ძალიან უყვარს. "უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა "საქართველოს ვარსკვლავისთვის" სიუჟეტში ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი საერთოდ არ იყო და ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ სროლა მიზიდავს", - გვითხრა ნუკამ...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- ცვალებადი ხასიათი მაქვს და შეიძლება, რაღაც პერიოდი საერთოდ უმაკიაჟოდ ვიარო, ზოგჯერ კი სახეზე ექსპერიმენტებსაც ვიტარებ. ვხატავ და კარგი "ხედვა" მაქვს. ალბათ ამიტომ ვცდილობ, სხვადასხვანაირი მაკიაჟი მქონდეს, რომელიც ჩემს ჩაცმულობას შეესაბამება... ცხიმიანი კანი მაქვს, რის გამოც სახის სკრაბით ჩამობანა და დამატენიანებელი კრემის წასმა მიწევს.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმის ფერისა თუ ვარცხნილობის შეცვლა ბავშვობიდან ჩემი ჰობია. ამას ვინმეს ყურადღების მისაქცევად არ ვაკეთებდი, უფრო მეტიც - არასოდეს მაინტერესებდა, სხვებს ჩემი ვარცხნილობა მოსწონდათ თუ არა... პირველად თმა 12 წლის ასაკში, ლურჯად შევიღებე. უბრალოდ, ასე მომინდა და დედას ვთხოვე, სურვილის ასრულებაში დამხმარებოდა. უარი არ უთქვამს. ლურჯი რომ მომწყინდა, თმის გაღიავება დავიწყე და 2-3 პროცედურის მერე სტაფილოსფრად "დამაჯდა". ამის გამო სკოლაში პრობლემები შემექმნა: ჩემი მეგობრების მშობლებთან რეკავდნენ და ჩემ შესახებ ეუბნებოდნენ, - თქვენს შვილებს ამ ბავშვთან ნუ ამეგობრებთ, თორემ მათაც გადარევსო (იცინის). ამასაც არ ვაქცევდი ყურადღებას და ძველ მეგობრებთან ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ურთიერთობას. ამასობაში, სტაფილოსფერი თმაც მომწყინდა და შავად შევიღებე, მერე შავიც მომწყინდა, გაღიავება დავიწყე და თეთრთმიანი გავხდი. ქერა თმა დიდხანს მქონდა, მაგრამ "ჩოლკას" ხან ვარდისფრად ვიღებავდი, ხან - სტაფილოსფრად. ესეც რომ მომბეზრდა, თმა ღია ალუბლისფრად შევიღებე, მერე შევიჭერი და ისევ ქერა გავხდი. შემდეგ ისევ ალუბლისფერი "დავიდე" და ვარდისფერი გამოვიდა - ეს ფერი ყველაზე მეტად მომეწონა... საბოლოო ჯამში, გრძელი თმა საერთოდ აღარ მინდოდა და ძალიან მოკლედ შევიჭერი, შავად შევიღებე და "იროკეზს" ვატარებდი.

თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. უკრაინული ფირმის თმის ნიღაბს ვიყენებ და სულ ეს არის...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიში ბავშვობიდან მიზიდავდა და ფეხზე, ხელზე, წელზე კუნთი ოდნავ განვივითარე - ისე, როგორც ქალს უხდება. დიეტა პირველად 15 წლისამ დავიცავი. არ მიმაჩნია, რომ ადამიანმა მხოლოდ წონაში დაკლების მიზნით უნდა ივარჯიშოს. ვარჯიში ყველას სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი სხეულისთვის, ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ტატუ და პირსინგი

- პირველად ორნამენტი წელზე დავიხატე, შემდეგი - ორივე ხელზე: მარცხენაზე მაწერია "ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა არის ჩემი ისტორიის ფურცელი", მარჯვენაზე კი - LიცHი - ეს ჩემი ბიჭის (მეუღლის) მეტსახელია. მერე მთელი ზურგის მოხატვა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი. პატარა რომ მეყოლება, მისი დახატვაც მინდა... ჩემი სხეულია და არავის ვკითხავ, რა გავიკეთო და რა - არა. მთავარია, მეუღლეს და მეგობრებს მოსწონთ.

პირსინგი ჭიპზე მაქვს. წარბზეც დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი, მაგრამ არ ვჩქარობ (იცინის).

სამკაული და აქსესუარები

- სამკაულების ტარება დიდად არ მომწონს. დიდი ზომის საყურეებს ვერ ვიყენებ. საშინლად მაღიზიანებს, როცა ყურზე "აგურები" მკიდია. სიმსუბუქე მიყვარს. რომელი სამკაულიც მამძიმებს, იმას არ ვიკეთებ. პატარა და ლამაზი ბეჭდები, საყურე და უბრალო გულსაბნევი მომწონს.

სამოსი

- ტანსაცმელს ხასიათის მიხედვით ვირჩევ. ზოგადად, ჩაცმის ჩვეულებრივი სტილი მაქვს. ტანისამოსით ადამიანების ყურადღების მიქცევა არასოდეს მიყვარდა... სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ბრენდი უმნიშვნელოა. სამოსით არასოდეს "მიმარიაჟია". ყოველთვის ისეთ ტანსაცმელს ვყიდულობდი, როგორიც მომწონდა. ამასთან დაკავშირებით, უცხო ადამიანების აზრი არ მაინტერესებდა. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა: კონცერტებზე ტანისამოსს თავად ვარჩევდი თუ არა? რა თქმა უნდა, არა: პროექტს დიზაინერი ჰყავდა და ყველას ჩაცმულობაზე ის ზრუნავდა. კაბებს ვერ ვიცვამ - არ მსიამოვნებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ტერფების დაღლა არ მიყვარს - ისედაც ნორმალური სიმაღლე მაქვს. მეუღლე მყავს და მის გარდა, სხვა მამაკაცის ყურადღების მიქცევა არ მსიამოვნებს. როცა საჭიროა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მაცვია, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ჩავიცვამ - მღლის და დისკომფორტს მიქმნის. როდესაც წლები მომემატება, "ქალურად" ჩაცმა ისედაც მომიწევს... შოპინგი მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ეს იშვიათად ხდება, რადგან ფული "თავზე არ მაყრია" და მირჩევნია, შინ საჭმელი იყოს, ვიდრე ვიყო მშიერი და კარგად ჩაცმული. სამოსის ყიდვისას რჩევას მხოლოდ დედას და მეუღლეს ვეკითხები.

ოჯახი

- როგორც იცით, დედაჩემი - ეკა კვალიაშვილი მომღერალია, ბაბუაჩემის და, ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი - უნიჭიერესი კომპოზიტორი, ჩემი მეუღლე კი - მომავალი მარკეტოლოგი. ჩვენი მომავალი ბავშვის სქესი უკვე ვიცით - ბიჭია და ვფიქრობთ, რომ ნიკოლოზი დავარქვათ. საოცარი გრძნობაა, როდესაც პატარას ელოდები. მეც, ჩემი მეუღლეც და დედიკოც უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.

- ნუკა, სოციალურ ქსელში გვარი შეიცვალე - გვალიას ნაცვლად, კვალიაშვილი გიწერია. რატომ?

- მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემს მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის....

საქმე

- მუსიკა და სიმღერა ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა. უბრალოდ, დიდ სცენაზე დგომა არ მინდოდა - ალბათ კომპლექსების, სცენაზე დგომის შიშის გამო. ისე, როდესაც სახლში ვმღეროდი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ვიდექი. საოცარი შეგრძნება იყო, მაგრამ იმ შიშს ვერ ვლახავდი. ყველაზე კარგად სიმღერა გამომდის, შემდეგ - ხატვა, სხვა არაფერი მეხერხება. ჩემგან არც ბუღალტერი გამოვა, არც - ბანკის თანამშრომელი და არც - პედაგოგი... მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რაც ყველაზე კარგად მეხერხება. ამ ეტაპზე, დედობისთვის ვემზადები, შემდეგ კი ჩემს კარიერას უკვე ძალიან სერიოზულად მივხედავ...

ჰობი

- ჩემი ნამდვილი ჰობი ხატვაა. დიდი ბაბუა მხატვარი მყავდა. მეც და დედასაც ნიჭი მისგან გამოგვყვა. ჩემი ნახატები პროფესიონალებისთვის ნამდვილად არ მიჩვენებია, რადგან იმას ვხატავ, რასაც ვგრძნობ, ჩემი გრძნობების ვინმესთვის გამხელა კი არ მიყვარს. თან, პროფესიონალურ დონეზე არ ვხატავ, რომ ნამუშევარი ვინმემ შემიფასოს.

- "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობისას, როცა შენი ჰობის შესახებ იყო სიუჟეტი, ხატვაზე არაფერი გითქვამს - სულ სხვა ჰობით გაგიცანით...

- არ გამოდიოდა, რომ მეც და ნინასაც ერთი და იგივე ჰობი გვქონოდა. ნინას ხატვა "დაუტოვეს", "ჩემი" ჰობი კი თავად მოიფიქრეს და შემდეგ სიუჟეტი გადაიღეს. იმ დღეს იარაღი ხელში პირველად დავიჭირე. რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი საერთოდ არ იყო და ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ სროლა მიზიდავს. ერთი სიტყვით, როგორც პროექტისთვის იყო საჭირო, ისე გააკეთეს...

გართობა

- ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. ერთმანეთს სიახლეებს ვუყვებით, ფილმებს ვუყურებთ. ხანდახან მხოლოდ გოგონები ვქეიფობთ, რასაც ჩემს სახლში, კარაოკეზე, დილის 5 საათამდე სიმღერა მოჰყვება ხოლმე (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება